როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ვფიქრობ, სასჯელისგან თავის არიდების მიზნით სასჯელის გადავადება წესით, არ უნდა მოხდეს, თუმცა, ეს ბუნებრივია, მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტი თვითდაზიანებას მიმართავს, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.
„პატიმარ სააკაშვილის ოჯახის წევრმა, ქალბატონმა გიულიმ თავისი აღიარებითი ჩვენებით თქვა, რომ დიახ, პატიმარი სააკაშვილის მიზანია, სასჯელისგან გათავისუფლდეს და მერე გადაწყვეტენ, სად იმკურნალებს – საქართველოში, თუ უცხოეთში. მან დაანგრია ის მითი, თითქოს, პატიმარ სააკაშვილს, ან მის მომხრეებს, სურთ ის განიკურნოს. ასევე აღიარებითი ჩვენებაა, რომ ის თვითდაზიანების რეჟიმშია. თვითდაზიანების რეჟიმში ბუნებრივია, პასუხისმგებლობა თავად ამ პატიმარს ეკისრება. მე მაქვს ძალიან ლოგიკური კითხვა, რატომ იმყოფება პატიმარი სააკაშვილი და რატომ სურს საერთოდ მას და მის მომხრეებს, საავადმყოფოში 2-ოთახიან ლუქსში ყოფნა?! მისი მიზანი, როგორც ჩვენ ვამბობთ და ვხედავთ, არის ის, რომ არ განიკურნოს, არ უჯერებს ექიმებს, არ ენდობა ექთნებს, სამედიცინო პერსონალს. მაშინ მიზანი რა არის, როცა ის საავადმყოფოში იმყოფება, კითხონ მას, ან მის მომხრეებს, რატომ სურთ, რომ ის იყოს საავადმყოფოში, თუ მედპერსონალს არ ენდობიან, არც საკვებს, რომ იქ მიიღოს, არც მედიკამენტებს, რომ იქ მიიღოს და საერთოდ, უნდობლობა აქვთ გამოცხადებული ამ კლინიკის და მისი პერსონალის მიმართ, მაშინ რატომ უნდათ რომ პატიმარი სააკაშვილი ამ კლინიკაში იმყოფებოდეს? ამაზე პასუხი ძალიან საინტერესო იქნება მისგან და მისი მომხრეებისგან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება სასამართლომ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებასთან, ან გადავადებასთან დაკავშირებით მიიღოს, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კომენტარების გაკეთება არასწორია.
„ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არათუ ვერ ჩავერევით, კომენტარსაც ვერ გავაკეთებთ წინასწარ, მითუმეტეს, პოლიტიკოსებისგან, წინასწარი კომენტარების გაკეთება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, არასწორია. ყველაფერი თავიდან ბოლომდე მართლმსაჯულებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად და საჯაროდ, პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ პატიმარი სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია, ასევე მისი მომხრეებისგან დადასტურებულია, რომ მათი მიზანი არა განკურნება, არამედ სასჯელისგან თავის არიდებაა, მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ვფიქრობ, სასჯელისგან თავის არიდების მიზნით სასჯელის გადავადება წესით, არ უნდა მოხდეს, თუმცა, ეს ბუნებრივია, სასამართლოზე და მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.