მევლუთ ჩავუშოღლუ – ელჩებმა თურქეთის წინააღმდეგ „ფსიქოლოგიური ომი წამოიწყეს“

მევლუთ ჩავუშოღლუ – ელჩებმა თურქეთის წინააღმდეგ „ფსიქოლოგიური ომი წამოიწყეს“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ქვეყანაში დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების დახურვის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა: ელჩებმა თურქეთის წინააღმდეგ „ფსიქოლოგიური ომი წამოიწყეს“. საუბარია თურქეთში მომქმედ: გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბელგიისა და შვეიცარიის დიპლომატიურ უწყებებზე.

„დიპლომატიური უწყებები ისე დახურეს, რომ თურქეთს საფრთხის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უცხოელ კოლეგებს მათთვის უსაფრთხოების წინაშე არსებული რისკების შესახებ მონაცემები არ გაუზიარებიათ. ეს კი ნიშნავს, რომ დიპლომატიური მისიების დახურვის საკითხზე სახეზეა გარკვეული მიზნების მქონე ნაბიჯები. ვინმე თუ ცდილობს, შექმნას შეხედულება, რომ თურქეთი უსაფრთხო ქვეყანა არ არის და ტერაქტების საფრთხე არსებობს, მაშინ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანასთან მეგობრობას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუმ დასავლეთის ქვეყნების მიერ დიპლომატიური მისიების დახურვის გადაწყვეტილება მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ ამერიკა და გერმანიაც თურქეთის იმიჯის შელახვაში დაადანაშაულა.

წყარო: ptn.ge