სან-ფრანცისკოს სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა კომპანია „ტესლას“ დამფუძნებელი ილონ მასკი 2018 წელს „ტვიტერში“ გამოქვეყნებული პოსტის გამო თაღლითობის ბრალდებით დაწყებულ საქმეზე გაამართლეს. ცხრა ნაფიც მსაჯულს ვერდიქტის გამოსატანად ორ საათზე ნაკლები დრო დასჭირდა.
ილონ მასკი უკვე გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„მადლობა ღმერთს, ხალხის სიბრძნემ გაიმარჯვა. მე ღრმად ვაფასებ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა „ტესლა-420“-ის საქმეზე უდანაშაულობა დაადადგინეს“, – დაწერა მასკმა „ტვიტერში“.
საქმე ეხებოდა 2018 წლის 7 აგვისტოს ილონ მასკის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც ის ამბობდა, რომ მან უზრუნველყო დაფინანსების მოძიება ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის პრივატიზაციისთვის. აღნიშნული ცნობის გამო კომპანიის აქციები მკვეთრად გაძვირდა, თუმცა რამდენიმე დღეში ფასი კვლავ დაეცა, როდესაც ცხადი გახდა, რომ გარიგება არ შედგებოდა. აქციონერებმა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში აქციები იყიდეს ან გაყიდეს, მასკი თაღლითობასა და ფასიანი ქაღალდების ღირებულებების განგებ მანიპულირებაში დაადანაშაულეს. ინვესტორების დანაკარგი 12 მილიარდ დოლარად შეფასდა. თავად მასკი ყველანაირ ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სოციალურ ქსელში განცხადების დაწერისას მას ჰქონდა ზეპირი შეთანხმება საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდთან.