„ვაგნერის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ უყრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან არ იხევენ, ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ უყრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან არ იხევენ, ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

როგორც პრესსამსახურის მიერ „ტელეგრამში“ გავრცელებულ პრიგოჟინის განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთი ცნობის მიუხედავად, ბახმუტში კვლავ გრძელდება სასტიკი ბრძოლები, თითოეული ქუჩისთვის, თითოეული სახლისა და თითოეული კიბის უჯრედისთვის.

„უყრაინის შეიარაღებული ძალები უკან არ იხევენ. უყრაინის შეიარაღებული ძალები ბოლომდე იბრძვიან“, – აღნიშნავს პრიგოჟინი, რომლის სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები მონაწილეობენ ბახმუტის დასაკავებლად მიმდინარე ბრძოლაში.

მანამდე, რუსულმა სამხედრო ტელეგრამ-არხმა „ვაგნერის“ მებრძოლებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ უყრაინულმა არმიამ ბახმუტის ჩრდილოეთი უბნები დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ბახმუტთან არსებულ მძიმე მდგომარეობას ადასტურებს უყრაინული მხარე. უყრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას რუსეთმა მთელი ძალები გადაისროლა უყრაინის თავდაცვის ხაზის გასარღვევად და ბახმუტის ალყაში მოსაქცევად. ყოველდღიურ მიმართვაში უყრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება რთულდება, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. ბრიტანული სამხედრო დაზვევრის ცნობით კი, რუსეთის არმის გარკვეული წინსვლის შედეგად, ბახმუტი უყრაინული არმიის მომარაგების მარშრუტებისგან სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება.