ალექსი გონჩარენკოს ინფორმაციით, უყრაინის რადამ საქართველოს მიმართა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამკურნალო დაწესებულებაში აშშ-ში ან ევროკავშირში

უყრაინის რადას დეპუტატის ალექსი გონჩარენკოს ინფორმაციით, დღეს უყრაინის პარლამენტმა საქართველოს მიმართა და მოუწოდა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამკურნალო დაწესებულებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში. ამის შესახებ ინფორმაციას გონჩარენკო „ტვიტერზე“ ავრცელებს, სადაც უმაღლესი რადას მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს ავრცელებს.

„უყრაინის პარლამენტმა მიმართა საქართველოს და მოუწოდა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამედიცინო დაწესებულებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში.

უყრაინის პარლამენტმა ასევე მოუწოდა საქართველოს, რომ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს მიეცეს წვდომა მიხეილ სააკაშვილთან.

მას სჭირდება დაუყოვნებლივი მკურნალობა“,- ნათქვამია გონჩარენკოს განცხადებაში.

ამასთან, დღეს რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია პარლამენტს, მიიღოს დადგენილების პროექტი საქართველოსთვის, ევროპარლამენტისთვის, ევროპული საბჭოსთვის, ევროკომისიისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისთვის მიმართვის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და უყრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, უყრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი 3 იანვარს დაარეგისტრირეს.