მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები ვნებს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, გამოსავალი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაყვანილი იყოს რომელიმე ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე უზრუნველყოფილი იქნება.
ამასთან, „ლელოს“ წევრის განცხადებით, სასჯელი უნდა მოიხადოს ყველამ, ვისაც დაეკისრა.
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები ვნებს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. ერთი მხრივ, ზარალდება ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პრესტიჟი, იმიჯი, მეორე მხრივ, ხდება საზოგადოების კიდევ უფრო გაყოფა და ერთმანეთთან დაპირისპირება. ამ პრობლემის მოგვარება სახელისუფლებო საქმეა. ამ ვითარებაში გამოსავალი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაყვანილი იყოს რომელიმე ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე უზრუნველყოფილი იქნება.
რაც შეეხება სასჯელს, მოიხადოს ყველამ, ვისაც სასჯელი დაეკისრა. დანარჩენი თემები „ლელოსთვის“ მნიშვნელოვანი არ არის, ვინაიდან არ ვთვლით, რომ სხვა საკითხები ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.