ამ თვეების განმავლობაში იწელებოდა ეს პროცესები, ნაცვლად იმისა, რომ სწრაფად დასრულებულიყო, ყოველდღიურად მძიმდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კარგია, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ფაქტობრივად უკვე ბოლოში გავიდა პროცესი და დღეს იქნება თუ უახლოეს დღეებში, გადაწყვეტილების გამოცხადება მოუწევს მოსამართლეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლე თუ მიიღებს სააკაშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, პარტიის გეგმა უკავშირდება მოქმედებას.
„მოსამართლეს მოუწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება. ის აკეთებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისადაც, ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნას გადაყვანილი იმ ქვეყანაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნება საფრთხე. იცით, რომ მზად არის, მაგალითად, პოლონეთის ხელისუფლება, თავად უზრუნველყოს პრეზიდენტ სააკაშვილის ტრანსპორტირება, მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე აიღოს პასუხისმგებლობა. მეორეა, რომ მოსამართლემ მიიღოს პოლიტიკურად ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც, ცხადია, იქნება კრემლიდან, ბიძინა ივანიშვილის გავლით. ეს ორი არჩევანია გასაკეთებელი და დაველოდოთ. გეგმა უკავშირდება მოქმედებას, საპროტესტო მოძრობას და სახალხო პროცესს. ცხადია, საზოგადოებას ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნება. ცხადია, ვაპირებთ ბრძოლას გამარჯვებამდე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.