პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიასაშუალებების აკრედიტაციის წესის შესახებ ბრძანებას გამოსცემს.
აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„გამოვცემ ბრძანებას, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესს, ანუ ჟურნალისტების აკრედიტაციას პარლამენტში. როგორც იცით, წლებია, ეს იყო გარკვეული ხარვეზი, რომ არ გვქონდა აკრედიტაციის წესი. ამიტომ საჭირო იყო ყოველ ჯერზე საშვების დაშვება ჟურნალისტებისთვის და ა.შ. ე.წ. საპარლამენტო ჟურნალისტიკა ამ მხრივ არ არსებობდა. ამიტომ ჩვენმა პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების გამოცდილების ანალიზი შეადგინა. ამ საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შედგა აკრედიტაციის წესი, რომელიც ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს. პირველი, ეს არის, რომ ხელი შევუწყოთ მედიას, რათა ყველაფერი, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, გაშუქდეს, საპარლამენტო საქმიანობა გაშუქდეს.
მეორეს მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო. შესაბამისად არის წესები, რომელიც ბრძანების მიღებისთანავე, რა თქმა უნდა, გამოქვეყნდება და დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, რომელიც მიეცემა იმ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც აშუქებენ საპარლამენტო საქმიანობას. პაპუაშვილის თქმით, მათ საპარლამენტო ჟურნალისტის სტატუსით, ამ აკრედიტაციით შეეძლებათ დაუბრკოლებლად შესვლა და მუშაობა პარლამენტში.
„ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ვთქვათ, შეიძლება, იყოს ცალკეული სიუჟეტი მოსამზადებელი, ან იყოს ისეთი მედია, რომელიც არ არის აკრედიტებული, მათ შორის უცხოური მედია, იქნება სპეციალური აკრედიტაცია, რომელიც იმოქმედებს ერთი დღის განმავლობაში სპეციალურად გარკვეული სიუჟეტის მოსამზადებლად, ან რაღაც მასალის შესაგროვებლად. ორი სახის აკრედიტაცია იქნება“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესში დადგენილია რაოდენობები.
„რაც შეეხება დიდ მედიებს, მაუწყებლებს, რომლებსაც აქვთ ეროვნული მაუწყებლობა, დადგენილი იქნება, რომ ექნებათ შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტების შესაძლებლობა. გადამღებ ჯგუფში შედის როგორც რეპორტიორი, ისე ოპერატორი. ტექნიკური პერსონალი. ამიტომ მაქსიმუმ შვიდი შეეძლება, რომ ჰყავდეს ეროვნულ მაუწყებლებს.
რა თქმა უნდა, ონლაინ გამოცემებისთვის და ბეჭდური გამოცემებისთვისაც არის გამოყოფილი რაოდენობები. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის ორი ჟურნალისტი, ასევე ორი ჟურნალისტი რადიოსთვის, ონლაინ გამოცემისთვის ოთხი ჟურნალისტი. საზოგადოებრივი მაუწყებელი – როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის – შვიდი გადამღები ჯგუფი, ეროვნული მაუწყებლები შვიდი გადამღები ჯგუფი და სხვა ტელევიზიები სამი გადამღები ჯგუფი. ჟურნალისტში იგულისხმება როგორც რეპორტიორი, ისე ფოტოგრაფი, ოპერატორი, ტექნიკოსი, რომელიც ახორციელებს ამ საქმიანობას.
თავად აკრედიტაციის პროცედურა არ იქნება რთული. ყველა მიიღებს აკრედიტაციის საბუთს და ამ საბუთით, როგორც ჩვენ შემოვდივართ შენობაში ჩვენი საბუთით, უკვე შეეძლებათ შემოსვლა და მუშაობა თავისუფლად“,- განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, წესდება ასევე გარკვეული საქმიანობის და ქცევის წესები პარლამენტში, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც პარლამენტის, ისე მისი ვიზიტორებისთვის საქმიანი გარემო.
„ეს წესებიც ეფუძნება სრულად იმ ევროპულ გამოცდილებას, რომელიც სხვადასხვა პარლამენტში არის. ამის გათვალისწინებით, იმედი მაქვს, რომ ერთი მხრივ, თავად ეს სტატუსი, საპარლამენტო ჟურნალისტისა კვლავ დაბრუნდება და ღირებული იქნება, რაც თავისთავად მეტ პასუხისმგებლობასთან ერთად პრესტიჟსაც მატებს საპარლამენტო ჟურნალისტის საქმიანობას.
ვადებს რაც შეეხება, დაგეგმილია, რომ ექნებათ შესაძლებლობა მედიებს, 20 თებერვლამდე წარმოადგინონ განაცხადები და ჩვენ უზრუნველვყოფთ შესაბამისი აკრედიტაცის გაცემას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აკრედიტაციის წესზე პარლამენტი პირველი მარტიდან გადადის.
„პირველი მარტიდან გადავალთ უკვე ამ რეჟიმზე, რომ იქნებიან აკრედიტებული ჟურნალისტები. ან როგორც საპარლამენტო ჟურნალისტი, ან როგორც სპეციალური აკრედიტაციით, როდესაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ექნებათ მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ეს სიახლე ერთის მხრივ უზრუნველყოფს, რომ თავად ჟურნალისტებს ჰქონდეთ თავისუფალი შემოსვლის შესაძლებლობა ნებისმიერ ჯერზე და არ იყოს საჭირო საშვის დაშვების აუცილებლობა მათთვის, ვინც მუშაობს პარლამენტის საკითხებზე. ამავე დროს უზრუნველყოფილი იყოს როგორც პარლამენტის წევრების, ისე ჩვენი აპარატის თანამშრომლების და პარლამენტში მყოფი ვიზიტორებისთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შენარჩუნება“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.