მთავარია, რომ ამ პროცესს არ უნდა ჰყავდეს წაგებული, ეს პროცესი ორივე მხარემ უნდა მოიგოს, საქართველომ უნდა მოიგოს, – ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების საკითხზე დღეს დასკვნითი სხდომა იმართება.
ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში ყურადღებას გაამახვილებს იმ მოტივებზე, რითაც მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლება, ან სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს.
„საუბარი გვექნება დიაგნოზებზე, რითაც შესაბამის მოთხოვნას დავაყენებთ. ასევე საუბარი გვექნება სამხარაულის დასკვნაზე, დარღვევებზე, რაც მათ დასკვნებში იქნა აღმოჩენილი.
რაც შეეხება გასვლით სხდომას, ამაზეც ვიმსჯელებთ, რამდენიმე წუთში მივიღებთ გადაწყვეტილებას, შევხვდები კოლეგებს.
მთავარია, რომ ამ პროცესს არ უნდა ჰყავდეს წაგებული, ეს პროცესი ორივე მხარემ უნდა მოიგოს, საქართველომ უნდა მოიგოს. აქ წყდება ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ბედი. პენიტენციურიც და ყველა დამარცხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება“ , – აცხადებს ხაჭაპურიძე. .
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვეა, განიხილავს.