არნო ხიდირბეგიშვილი: პუტინმა და ლავროვმა ისეთი სიმართლე თქვეს, რის თქმაც აქამდე ვერავინ გაბედა!

ბოლო დღეების მოვლენები, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, მაძლევს საფუძველს, რომ ჩემს თანამემამულეებს სასიხარულო ამბავი ვაუწყო – საქართველო უკვე დაადგა აყვავების გზას, რომელიც მისი გამთლიანებით დასრულდება, თუკი, რა თქმა უნდა, არ ატყდება ბირთვული ომი არაპროგნოზირებადი შედეგებით.
სააკაშვილის ნეონაცისტური რეჟიმის მიერ საქართველოს 30-წლიანი ოკუპაციის შემდეგ, მტერი დამარცხდა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები რადიკალური ოპოზიციიდან სრულიად გამოაშკარავდნენ და ამიერიდან მხოლოდ უცხოეთში ემიგრაციაზე უნდა იფიქრონ.
საქმე ისაა, რომ პუტინმა და ლავროვმა გასული კვირის განმავლობაში ხალხს უთხრეს ისეთი სიმართლე, რომელზე ლაპარაკიც აქამდე ვერავინ გაბედა და ეს სიმართლე ძალიან ბევრს მწარედ ეხება, მათ შორის – რუსეთის ხელმძღვანელობას. ამით რუსეთის პრეზიდენტმა და მისმა მთავარმა დიპლომატმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ ისინი არიან კრეატიული და გაბედული თანამედროვე პოლიტიკოსები, რომელთთვისაც უცხოა შტამპები. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 25 იანვარს პუტინმა პირველად უწოდა გერმანიაში საბჭოთა ჯარებს ოკუპაციური. „მოგეხსენებათ, გერმანია დაყოფილი იყო ოთხ სექტორად – ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ და საბჭოთა სექტორად. ჰოდა, საბჭოთა კავშირმა გააფორმა ამ საოკუპაციო სტატუსის შეწყვეტა, მაგრამ აშშ-მა – არა. ამიტომ, ამერიკული ჯარები გერმანიაში იურიდიულად და ფაქტობრივად რჩებიან საოკუპაციო ჯარებად “, – განაცხადა პუტინმა სტუდენტებთან საუბრისას.
დავამატებ, რომ საბჭოთა (შემდგომში – რუსული) საოკუპაციო ჯარები გერმანიაში შეიყვანა ქართველმა სტალინმა, და იქიდან გამოიყვანა ასევე ქართველმა – შევარდნაძემ, რაც შეცდომა იყო, რადგან ამერიკელი საოკუპაციო ჯარები გერმანიაში დარჩნენ და დღეს ევროპაში ყველაზე დიდი ამერიკული ჯარი – შვიდი გარნიზონიდან ხუთი – გერმანიაშია. ამის გამო, როგორც პუტინმა სტუდენტებს იმავე შეხვედრისას შეახსენა, გერმანელი პატრიოტები – თვალსაჩინო პოლიტიკოსები – აცხადებენ, რომ მათი სამშობლო – გერმანია – დღემდე ოკუპირებულია. როგორც ქართველი ხიდირბეგიშვილი დავამატებ, რომ შედეგად, ოპერაცია „ბარბაროსას“ დაწყებიდან 82 წლის შემდეგ, გერმანული სვასტიკიანი “ლეოპარდები“ კვლავ უკრაინაში შეღწევას ლამობენ. გარდა იმისა, რომ შევარდნაძემ გერმანიიდან რუსული ჯარი ცალმხრივად გაიყვანა (ამერიკელების რუსებთან ერთად გერმანიის დატოვების მოთხოვნის გარეშე), შევარდნაძემ დაიჯერა თავისი დასავლელი მეგობრების – კოლების, გენშერების, შრედერებისა და ბუშების სიტყვიერი დაპირებები და არ მოსთხოვა ხელწერილი, რომ გერმანიის გაერთიანების სანაცვლოდ ისინი იღებენ ვალდებულებას არ გააფართოონ ნატო აღმოსავლეთით.
დღეს, გერმანიის გაერთიანებიდან 29 წლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სტალინი, რომელიც არ ენდობოდა დასავლელ მოკავშირეებს, მართალი იყო, შევარდნაძე კი ცდებოდა. იმ შეცდომის შედეგად ევროპასა და უკრაინაში ნაციზმი აღორძინდა, ხოლო ნატო გაფართოვდა აღმოსავლეთით ხუთ ტალღად: 1999 წელს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი მიიღეს, 2004 წელს – ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესტონეთი, 2009 წელს – ალბანეთი და ხორვატია, 2017 წელს – ჩერნოგორია, 2020 წელს – ჩრდილოეთ მაკედონია.
რაც შეეხება საქართველოს: თუ პუტინი 49 წლის განმავლობაში (1945 წლიდან 1994 წლამდე) გერმანიაში მყოფ რუსულ ჯარს ამერიკულივით ოკუპაციურად მიიჩნევს, არის თუ არა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსული ჯარებიც საოკუპაციო? დიახ, რა თქმა უნდა! მაგრამ შევარდნაძის საბედისწერო შეცდომის გახსენებით, მოსკოვი დღეს თბილისისგან ელის ხელწერილს აფხაზეთში ძალის გამოუყენებლობის შესახებ, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ ენდობა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. პუტინი, სტალინივით, არ ენდობა დასავლეთს, განსაკუთრებით გასული წლის თებერვლიდან, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდგომ. სად არის გარანტია, რომ როცა რუსული ჯარები დატოვებენ აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, როგორც უწინ რუსულმა ჯარებმა დატოვეს ავსტრია და გერმანია, ნატოს საოკუპაციო ჯარები საქართველოში არ შემოვლენ, როგორც 1918 წელს შემოვიდნენ გერმანული საოკუპაციო ჯარები ქართველი მენშევიკების – სალომე ზურაბიშვილის წინაპრების თხოვნით, რომლებიც მოგვიანებით საფრანგეთში გაიქცნენ საქართველოს ოქროს მარაგითურთ?!
და რაკიღა ასეთი გარანტია არ არსებობს და შეუძლებელია დასავლეთის სიტყვაზე ნდობა, როგორც შევარდნაძე ენდობოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გვთავაზობს საერთაშორისო ურთიერთობების ახალ პრინციპს – „არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“, ნაცვლად ძველი ფორმულისა – “ენდე, მაგრამ გადაამოწმე”. კარგი, მეტად ნუ შევაწუხებთ აწ განსვენებულ შევარდნაძეს, მით უმეტეს, რომ იმ შეცდომებზე პასუხისმგებლობას სრულად იზიარებენ აწ განსვენებული გორბაჩოვიცა და იაკოვლევიც… მაგრამ როგორ უნდა ენდო დასავლეთს დღეს, როცა საქართველოს არ მოუსმენია ბოდიში იმისათვის, რომ ნატოში არ მიიღეს, თუმცა მოტყუებით აბრძოლეს ერაყსა და ავღანეთში?! როცა საქართველოს, რომელმაც სააკაშვილის ნაცისტური რეჟიმი დაამხო, არ მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, სამაგიეროდ, მიანიჭეს უკრაინას, რომელსაც დღეს ზელენსკის ნაცისტური რეჟიმი მართავს?! როცა საქართველოს ჯერ „ჯაველინები“ მიჰყიდეს და ახლა მოითხოვენ, რომ ისინი უკრაინას აჩუქოს და თავად გახსნას „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსულ ბაზებზე თავდასხმით?! ქართველ ხალხს ჯერ არ მოუსმენია ვაშინგტონისგან ბოდიში მათი მარიონეტი სააკაშვილის გამო, რომლის წყალობითაც საქართველომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი თუნდაც დროებით დაკარგა! როგორ უნდა ენდო დასავლეთს მას შემდეგ, რაც ნაქებმა შვეიცარიულმა ბანკმა მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 600 მილიონი დოლარი, რადგან ის თურმე „რუსი ოლიგარქია“, ხოლო საქართველოს არ სურს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნა?!
„არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“ – ღარიბაშვილის ფორმულაა. დიახ, საქართველო კვლავაც შეეცდება მაქსიმალურად ითანამშრომლოს ყველასთან, თავისი დღევანდელი სტატუს-კვოს უპირატესობებით, ანუ, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, და მეორე მხრივ – ვაჭრობისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გამოყენებით (ივნისში ვიზები გაუუქმდებათ საქართველოს მოქალაქეებსაც, უახლოეს მომავალში კი – რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება). საქართველოს სურს დარჩეს მიმზიდველ ბიზნეს-პლატფორმად ყველასთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის და მიაწოდოს თავისი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე. საქართველოს სულაც არ სურს უარი თქვას რუსეთიდან ფულად გზავნილებზე, მილიონიან ქართული დიასპორაზე, და ასევე უარი თქვას რუსეთზე, როგორც მარცვლეულისა და ენერგომატარებლების მომწოდებელზე, რა არის აქ გასაკვირი?!
არა, მოსკოვში აშკარად მიდგომები შეიცვალა და პუტინის კვალდაკვალ ლავროვმაც გაგვაოცა! მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მას თბილისელ სომხად, გვარად „კა- ლანტაროვი“ მოიხსენიებენ, მან განაცხადა, რომ „მრავალი წლის განმავლობაში სომხეთი ახდენდა აზერბაიჯანის შვიდი რეგიონის ოკუპაციას და აზერბაიჯანმა დაუბრუნა მისი კუთვნილი მიწები“. სომეხიც მასეთი უნდა – ლავროვი სომხეთს ოკუპანტად, ხოლო სომხურ ჯარს — ოკუპაციურად მოიხსენიებს, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთის ოფიციალური მოკავშირეა, აზერბაიჯანი კი — – არა… უფრო მეტიც, ლავროვმა შეახსენა ერევანს, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს სამშვიდობო
ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელისაც საფუძვლად 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაცია უდევს. ანუ რომელიც აღიარებს რესპუბლიკების საბჭოთა დროიდელი საზღვრებს! არადა, მთიანი ყარაბაღი, იმ საზღვრების მიხედვით, აზერბაიჯანის, ხოლო აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში შედის, რაც ლავროვმა მშვენივრად იცის!
უფრო მეტიც, ლავროვი იხსენებს, როგორ მოატყუა სააკაშვილმა კრემლი, როდესაც ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული ბაზების გაყვანის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ გახსნიდა ერთობლივ რუსულ-ქართულ ანტიტერორისტულ ცენტრს საქართველოში, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, რის გამოც პუტინმა მას გადამგდები უწოდა და თავის ქვეშმდგომებს მასთან საქმის დაჭერა აუკრძალა! თურმე, სააკაშვილს თავისი დაპირება რომ შეესრულებინა, ბათუმში მხოლოდ 100 რუსი ოფიცერი — ანტიტერორისტული სპეციალისტი დარჩებოდა და არა ახალი რუსული სამხედრო ბაზა, როგორც ამას ნაცები ირწმუნებიან მაგრამ საბჭოთა უშიშროების თანამშრომლებისა და აგენტების ოჯახში აღზრდილ კაგებეს ეფრეიტორ სააკაშვილს, როგორც ჩანს, საქართველოს ტერიტორიაზე 100 რუსი ოფიცერი ეცოტავა და რუსული საოკუპაციო ჯარები მოიწვია: მე-7 რუსული სამხედრო ბაზა გუდაუთაში 4000 ჯარისკაცით და მე-4 რუსული სამხედრო ბაზა ჯავაში, ასევე 4000 ჯარისკაცით! ისევე, როგორც ქართველმა მენშევიკებმა 102 წლის წინათ თავისი უგუნური მოქმედებებით საქართველოში მე-11 წითელი არმია შემოაგრიალეს! ასეა, თუ ისე, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ სიმათლის თქმა დაიწყო.
მრავლისმთქმელია გასულ ხუთშაბათს სააკაშვილის პარტიული ტელევიზიის მიერ გავრცელებული კარასინისა და აბაშიძის სატელეფონო საუბარიც, რომელშიც ისინი კმაყოფილებით აღნიშნავენ საქართველოსა და რუსეთის სატრანსპორტო უწყებების თანამშრომლობას, რამაც ნაცები და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შოკში ჩააგდო. მაგრამ საიდან „გლავკანალს“ ეს ჩანაწერი?! ცხადია, ან – აშშ-ის საელჩოდან, რომელიც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას რუსეთუმედ მიიჩნევს, ან ვანო მერაბიშვილის კოლექციიდან – ამ შემთხვევაში გამოდის, რომ საქართველოში ტოტალური თვალთვალის საშუალებები კვლავ ნაცების ხელშია და ორი გვამის მოსურნე ნამინისტრალმა ამერიკულ ნაჩუქარ სპეცაპარატურასთან წვდომა შეინარჩუნა!
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2023 წლის 4 თებერვალი
საქართველო, თბილისი