გია ხარჩილავა – პროტესტი გამწვავდება, იქნება სახელმწიფო ორგანოების პიკეტირება

პოლიტიკურ პარტიებთან ინტენსიურ კონსულტაციები მიმდინარეობს იმისათვის, რომ პროტესტმა მიიღოს არა ერთპარტიული, არამედ ეროვნული, საერთო კონსოლიდირებული ხასიათი და ამის დაანონსებას უკავშირდება დღევანდელი შეკრება მთავრობის ადმინისტრაციასთან , – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ხარჩილავას თქმით, ამ ეტაპზე, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საერთო გეგმა შემუშავდეს.

მისივე თქმით, პროტესტი გამწვავდება.

„გუშინ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არა თუ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უზრუნველყოფის უფლება მისცა, არამედ ტყვეობაში დატოვებით, მან ტყვეობაში დატოვა საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი.

ეს საკითხი გასცდა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასცდა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის კუთვნილებით საკითხებს და გაუტოლდა საზოგადოების 81%-ის მოთხოვნას. ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უპირისპირდება.

პოლიტიკურ პარტიებთან ინტენსიურ კონსულტაციები მიმდინარეობს იმისათვის, რომ პროტესტმა მიიღოს არა ერთპარტიული, არამედ ეროვნული, საერთო კონსოლიდირებული ხასიათი და ამის დაანონსებას უკავშირდება დღევანდელი შეკრება მთავრობის ადმინისტრაციასთან.

ამ ეტაპზე, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საერთო გეგმა შემუშავდეს. ეს არის, მხოლოდ პირველი ეტაპი. პროტესტი გამწვავდება. გამწვავდება ყველა ორბიტაზე. იქნება სახელმწიფო ორგანოების პიკეტირება და ყველა დემოკრატიული მეთოდებით, ხელისუფლება კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიყვანოთ“, – განაცხადა ხარჩილავამ.

მისივე თქმით, საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტას უნდა შეუერთდნენ ის პარტიები, ვინც რეალურად გაუსწორებს თვალს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ დრამატიზმს. „ვისაც საქართველოს პროდასავლური მომავალი აწუხებს, ეს გადაწყვეტილება უნდა გახდეს საერთო კონსოლიდაციის საკითხი“, – აღნიშნა ხარჩილავამ.