ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მან კარგად გაიაზრა საზოგადოების განწყობა თემის გარშემო, საზოგადოებას არ უნდა არეულობა, რადიკალიზმის გაღვივება და ყველამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი მიზანი სააკაშვილის გამოშვების არის სწორედ ამ არეულობის წყაროს შექმნა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქართველი ხალხის, საზოგადოების ინტერესებს.
„ერთი ცუდი ის არის, რომ თავის დროზე მას ჰქონდა მკვეთრი განცხადება „არა და არასოდეს“, გუშინ ასეთ განცხადება არ გაუკეთებია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს სათანადო პოზიცია, ჩვენ მეტ სიღრმეში არ შევალთ“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ზურაბიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი საკითხი ქვეყანაზე აისახება ნეგატიურად, ამიტომ ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი „ოცნებამ“ მოძებნოს სამართლებრივი და ჰუმანიტარული გზა, თავის მხრივ, სააკაშვილმა დანაშაული აღიაროს და გავიდეს პოლიტიკიდან. როგორ უნდა მოიხსნას სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან, კობახიძემ აღნიშნა: „მე მგონია, ერთიც და მეორეც არის არარეალური“.
„მიხეილ სააკაშვილისგან დანაშაულების აღიარება ნიშნავს სრულ კაპიტულაციას და ამას ის არ გააკეთებს, ჩვენ ვიცით, მას აქვს კონკრეტული მიზნები. მისი მიზანია, პოლიტიკაში დაბრუნება, აქედან გამომდინარე ის ამას არასოდეს გააკეთებს. რაც შეეხება პატიმრის გათავისუფლებას ჰუმანიტარული მოტივით, ეს არის აბსურდი ერთი მარტივი მიზეზის გამო, თუ ჩვენ მხოლოდ ჰუმანიტარული მოტივებით ვიმოქმედებთ, ამ შემთხვევაში ცხრა ათასივე პატიმარი უნდა გამოვუშვათ გარეთ. ჰუმანიტარული არაფერ კავშირში არ არის კანონის აღსრულებასთან და სასჯელის აღსრულებასთან. რა შუაშია აქ ჰუმანიტარული. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია, გავიმეოროთ, ეს არის მოწოდება ოჯახის მიმართ, რომ სათანადო კალორიების მქონე საკვები შეიტანონ მიხეილ სააკაშვილთან“, – აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა სალომე ზურაბიშვილის მეორე განცხადებას, რომლის ადრესატიც თავად იყო, კობახიძემ განაცხადა: „ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს. როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას დებს, თავიდან ფეიკი მეგონა, მართლა წარმოუდგენელი იყო, ჩვენებს ვუთხარ ალბათ, ფეიკი იქნება თქო, მერე აღმოჩნდა, რომ მოუნდა ასე ხუმრობა და იხუმრა, რა ვქნათ“.