პარლამენტის წარმატებები არის შედეგი იმ გაბედული გადაწყვეტილებებისა, რომლის მიღებაც ხდება პარლამენტის მიერ, პირადად პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ და მთავარი, ვინც დღეს მადლობას იმსახურებს, არის სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ყველა ჩემი კოლეგის აზრს ვახმოვანებ. მართლაც ძალიან მაღალია ის მხარდაჭერა რომელიც გვაქვს კომიტეტებს თითოეულ დეპუტატს, მათ შორის, ბევრი მტკივნეული საკითხის გადაწყვეტისას. ის წარმატება რაც აღინიშნა, არის შედეგი გაბედული გადაწყვეტილებებისა, რომლის მიღება ხდება პროგრესის მიმართულებით, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ანგარიშთან დაკავშირებით უნდა ითქვას მხოლოდ დადებითი, ვინაიდან აშკარად გამოჩნდა, რომ კრიტიკული მოსაზრებებისთვის უბრალოდ სივრცე არ დარჩენილა, მათ შორის, დღევანდელი დისკუსიების შედეგადაც და იმ ინფორმაციის წყალობითაც, რასაც შეიცავს ეს ანგარიში.
„საქართველოს პარლამენტს გასულ წელს ჰქონდა უზარმაზარი წარმატება, რომელიც ითარგმნება, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში გადადგმული ნაბიჯების სახით, კონკრეტული ინიციატივების კანონად ქცევაში, ითარგმნება კონკრეტულად მაგალითად იმ წარმატებაში, რომელიც გვაქვს, მათ შორის, საპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ფაქტობრივად იდენტიფიცირებულია გამოწვევებიც, რაზეც სამომავლოდ მეტი ყურადღების გამახვილება იქნება საჭირო.
მიხეილ სარჯველაძემ თავის გამოსვლაში გელათის პრობლემაზე და მედიის წარმომადგენელთა ქცევის წესებზეც ისაუბრა, რომლებსაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეხნენ.
„გელათის პრობლემა დღეს არ შექმნილა, კარგი გაგებით არც გუშინ, ბევრი წლების განმავლობაში გროვდებოდა. ამ პრობლემის შესწავლა ღიად დაიწყო პარლამენტში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, პროცესი და პრობლემების გამოკვლევა-შესწავლის შესაძლებლობა მთელი ოპოზიციისთვის გახსნილი იყო. სწორედ ამ დროს დაიწყო მასზე თავდასხმა და ამ თავდასხმების ავანგარდში აღმოჩნდნენ ადამიანები, ვის ხელშიც ფუჭდებოდა ეს საქმე. გელათის გადარჩენას უდავოდ შეუწყობს ხელს ის საქმეები, რომლებსაც ხელისუფლება ამ მიმართულებით ახორციელებს.
მეორე საკითხი, რომელიც არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო – ეს ეხება აქ გაკეთებულ კომენტარებს მედია წარმომადგენლების ქცევის წესებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში, რაც აბსოლუტურად ლეგიტიმურია, ყველასთვის გასაგებია. ყველა პარლამენტში მსგავსი წესი მოქმედებს და ეს, ბუნებრივია, რომ არის აბსოლუტური ნორმა. გამკვირვებია ადამიანების, ვინც ვერ ახერხებს განსხვავების პოვნას რეგულაციებსა და შეზღუდვებს შორის, რეგულაციებს, რომლებიც არის უბრალოდ წესრიგის უზრუნველმყოფი. თუ ადამიანები ვერ ახერხებენ რომ ამათ შორის განსხვავება იპოვონ, ვისაც ტოლობის ნიშანი აქვს დასმული თავისუფლებასა და უწესრიგობას, ან უფრო მეტიც უწესობას შორის, ეს ამ ადამიანების პრობლემაა და არა ამ დოკუმენტის, რომელიც მიღებულია მარტო იმიტომ, რომ თავისი უფლება ყველამ მოწესრიგებულად განახორციელოს ისე, რომ არ ხელყოს და შეურაცხყოს სხვისი უფლება და ინტერესი. ეს არის ერთად ერთი მიზანი, აბსოლუტურად ლეგიტიმური მიზანი, რასაც მიზნად ისახავდა ამ რეგულაციის შემოტანა და რასაკვირველია, რომ ეს არის აბსოლუტურად მართებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.