„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას მოსანახულებლად, ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატი მივიდა. სოსო ჯანაშიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა გუშინ, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.