ეკვადორში მერის არჩევნებში გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელიც უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მოკლეს

ეკვადორის ქალაქ პუერტო-ლოპესში, მერის არჩევნებში გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელიც უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მოკლეს. 41 წლის ომარ მენენდესი ოფისში ჩაცხრილეს, სადაც ის სხვა აქტივისტებთან ერთად იმყოფებოდა. პოლიციამ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

აღსანიშნავია, რომ მენენდესი არ არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მოკლეს ქალაქ სალინასის მერობის კანდიდატი ხულიო სეზარ ფარაჩიო. ეკვადორში მუნიციპალური არჩევნები კრიმინალის შემთხვევების ესკალაციის ფონზე მიმდინარეობს, რაც კრიმინალური დაჯგუფებების გავლენის ზრდას უკავშირდება.

ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს პრეზიდენტ გილიერმო ლასოს ინიციატივით, რომელიც საერთაშორისო დანაშაულში ჩართული ეკვადორელების ექსტრადირების იდეით გამოვიდა, რის შედეგადაც ზოგიერთი ეკვადორელი მსჯავრდებული შესაძლოა ამერიკის მკაცრი რეჟიმის ციხეებში მოხვდეს. ნარკობარონები ამ ინიციატივას ებრძვიან, ვინაიდან ამერიკის ციხეებში ბადრაგზე და ციხის უფროსებზე მათ გავლენა ვერ ექნებათ.