გასულ წელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განვიხილეთ პარლამენტში შემოსული საკითხების თითქმის 50%, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტმა 2022 წლის განმავლობაში 37 სხდომა ჩაატარა, რომელზეც 350 საკითხი განიხილეს, მათ შორის, 263 კანონპროექტი. ასევე, განხილულ იქნა პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანოების 12 ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 30 ანგარიში და 25 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია.
„გასულ წელს სამი საბიუჯეტო პროცესი გვქონდა: პირველი დაგეგმილი – 2023 წლის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება, ხოლო ორჯერ განხორციელდა ცვლილებები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ჯამში 7 ჯერ შემოვიდა ბიუჯეტის პროექტი“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. ასევე, მისი თქმით, კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები აისახა საერთაშორისო შეფასებებში:
„ღია ბიუჯეტის ინდექსი 2021 – საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის. საქართველო პირველ ადგილზეა საპარლამენტო საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მხრივაც; საქართველომ ასევე პირველი ადგილი დაიკავა სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების 2022 წლის შეფასების (PEFA) მიხედვით.“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.
ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.