ცესკოს თავმჯდომარემ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი სტრატეგიული გეგმა წარადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 2022 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი სტრატეგიული გეგმა წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება დღეს გაიმართა და მას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების, პოლიტიკური პარტიების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ინსტიტუციური განვითარების, შუალედურ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების პილოტირებისა და მიღებული გამოცდილების, საარჩევნო საგანმანათლებლო პროექტების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით 2022 წელს გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

გასული წლის შეჯამების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი, 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა წარუდგინა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული გეგმა უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობით, ინკლუზიურად და განსხვავებული მიდგომებით შემუშავდა. მისი თქმით, გეგმა სამ სტრატეგიულ პრიორიტეტს მოიცავს – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას და

პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ამჟამად ადმინისტრაცია დგას.

„მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის კარგ ტრადიციად იქცა, ჩვენ ჩართულ მხარეებს გავუზიარეთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საქმიანობებისა და პროგრესის შესახებ, რომელიც ადმინისტრაციას გასული წლის განმავლობაში ჰქონდა. ასევე წარვუდგინეთ ინფორმაცია სტრატეგიულ გეგმის შესახებ, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციასა და პროგრესს. ჩვენ სამივე სტრატეგიული პრიორიტეტი დავუკავშირეთ საარჩევნო რეფორმის ეფექტიან აღსრულებას, საიდანაც ერთ-ერთი უკავშირდება ტექნოლოგიურ განვითარებას და ამ მიმართულებით ამომრჩეველთა განათლებას, ჩართული მხარეების ინფორმირებას, საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კულტურის განვითარებასა და გაჯანსაღებას. აღნიშნული კი უზრუნველყოფს 2024 წელს მაღალი სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წლიური ანგარიში ისე სამომავლო გეგმები შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა:

„ვისაუბრეთ სტრატეგიაზე, სამომავლო გეგმებზე და აღნიშნულ დოკუმენტში გათვალისწინებული იყო როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და ვენეციის კომისიის ხედვები. შემდგომი ნაბიჯი იქნება უკვე ის, რომ პრაქტიკაში ვნახოთ თითოეული აქტივობა, ღონისძიება როგორ განხორციელდება როგორც ელექტრონული არჩევნების ჭრილში, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების ფარგლებში. რა თქმა უნდა, ამან უნდა უზრუნველყოს ის, რომ ერთიანობაში როგორც ნდომის ვოტუმი გაზარდოს ამომრჩევლების თვალსაზრისით, ასევე დადებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო გარემოზე. შესაბამისად, სწორედ იმპლემენტაციის და აღსრულების პროცესს ექმნება მნიშვნელობა“, – განაცხადა ორგანიზაციის „ღია სივრცე კავკასია“ ხელმძღვანელმა ირმა პავლიაშვილმა.

„ჩვენ კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ვესწრებით შეხვედრებს და გვაქვს ჩვენი შენიშვნები, თუ რეკომენდაციები და ვცდილობთ გავითვალისწინოთ. რაც შეეხება ცვლილებებს, ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საარჩევნო ადმინისტრაციის ნაწილში, რომელსაც ალბათ უფრო ამ წლის განმავლობაში შევაფასებთ, რადგან საარჩევნო ცვლილებებით ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება ტექნოლოგიების გამოყენებით. ცესკოს როლი და საარჩევნო ადმინისტრაციის როლი არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც კანონმა ბოლომდე არ დაარეგულირა ეს ნაწილი და ცესკოს მიანდო კონკრეტული დეტალების შემუშავება ტექნოლოგიებზე გადასვლის ნაწილში. ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ზოგადად სამართლიანი არჩევნების პოზიცია არის ის, რომ, რადგანაც ეს იყო პოლიტიკური შეთანხმება, კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის, კარგია, იმიტომ რომ ზოგადად მივესალმებით კონსენსუსს. ასევე ადამიანური და ტექნიკური შეცდომების გამორიცხვის მიზნით, ვფიქრობთ რომ, ტექნოლოგიებმა შესაძლოა პოზიტიური როლი ითამაშოს“, – აღნიშნა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

ღონისძიების დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა აპრილში გასამართი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შესახებაც ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და აღნიშნა, რომ გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებზე კიდევ ერთხელ იქნება გამოყენებული ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილეებს დღეს აპარატების მუშაობისა და სპეციფიკაციის გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

დღევანდელი შეხვედრა ცესკომ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით გამართა.