არჩილ თალაკვაძე – პრეზიდენტის ბრალდებები უსაფუძვლოა, ირაკლი კობახიძის მიმართ ასეთი შეფასებების გაკეთება მიუღებელია

პრეზიდენტის ბრალდებები არის უსაფუძვლო, ირაკლი კობახიძის მიმართ ასეთი შეფასებების გაკეთება მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია. ვითომ არ იცოდეს ყველამ, რომ შეწყალებით სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან კიდევ სამ საქმეზეა ბრალდებული“.

მისი თქმით, ყველაფერს აჩვენებს შედეგები, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დადგა.

„პრეზიდენტის ბრალდებები არის უსაფუძვლო, ირაკლი კობახიძის მიმართ ასეთი შეფასებების გაკეთება მიუღებელია. ყველაფერს აჩვენებს შედეგები, რაც ჩვენი ხელისუფლების მიერ დადგა. ირაკლი კობახიძის თაოსნობით კონსტიტუციაში ჩაიწერა ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანზე, ასევე, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და მიიღო უვიზო მიმოსვლა. ასეთი ბრალდებების დროს ერთი მტკიცებულება მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი. კონსტიტუციურ ინსტიტუტებს პატივს ვცემთ, მაგრამ დაუსაბუთებელი ბრალდებები, სადაც წითელი ხაზებია ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და ქვეყნისთვის, რასაკვირველია, მიუღებელია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, „რადიკალურ ოპოზიციასა და მასმედიას სურთ, საქართველო წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს ქვეყანა არის რუსეთის მხარეს და უკრაინის წინააღმდეგ“.

„იმ ადამიანებთან ერთად ხართ ნავში, რომელთაც სურთ ძირი გამოუთხარონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყანას ძირს უთხრიან, არც ევროპულ რეკომენდაციებს ასრულებენ. ამაზე არის იგნორი, სიჩუმე, ნულოვანი ყურადღება მედიის მხრიდან. სამაგიეროდ, ყოველდღე შუქდება ის, რომ თითქოს, საქართველო არის უკრაინის წინააღმდეგ და ანტიევროპულ გზას ადგას. ეს არის სიცრუე, რომელსაც პასუხი გაეცა საქართველოშიც, ევროკომისიაშიც და ამერიკაშიც, სადაც ამერიკის თავდაცვის მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორია. ვისაც ამის გაშუქება რცხვენია და ეუხერხულება, ეს ხალხია იმ ნავში, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ კურსს“, – განაცხადა თალაკვაძემ.