გია ვოლსკი – პრეზიდენტის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან უნისონში მოქმედებს, დამაზიანებელი და მავნებლურია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან უნისონში მოქმედებს, დამაზიანებელი და მავნებლურია.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა შემიძლია, არც გაგება და არც გაზიარება“.

ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს ახასიათებს ცალსახა, მტკიცებით ფორმატში საუბარი.

„პრეზიდენტის განცხადებებში „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა იკვეთება, რადგან რეალობას არ შეესაბამება და არც დეფიტიზმია. მით უმეტეს, როცა თავდაცვის მინისტრი ამერიკაშია და იქიდან თანამშრომლობის თაობაზე პოზიტიური განცხადებები გაკეთდა. სიტუაცია სხვანაირად გამოიყურება. განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან უნისონში მოქმედებს, დამაზიანებელი და მავნებლურია, თავი რომ დავანებოთ, კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში, მისი განცხადება ადეკვატური არ არის, ვითარებასთან შეუსაბამო და მავნებლურია. პრეზიდენტს ახასიათებს ცალსახა, მტკიცებით ფორმატში საუბარი, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ალბათ, ასე სჭირდება მისი პოლიტიკური რენომესთვის, ალბათ, გეგმები და მიზნები აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.