ლევან ხაბეიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შეტაზ გასრს შეხვდა.

როგორც პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩთან ისაუბრა როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე ევრორეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე.

“საუბარი შეეხებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ასევე პოლიტპატიმარ, ნიკა გვარამიას. ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივისთვის 12 პუნქტის შესრულება. დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია რუსული “ოცნების”, ბიძინა ივანიშვილის მოურავების მიერ მიღებულ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე, რომ არ აპირებენ არცერთი პუნქტის შესრულებას. მეტიც, პირველი პუნქტი დეპოლარიზაციაა და ამის ნაცვლად, ისინი პირდაპირ ეთერში აყურებინებენ სააკაშვილის სიკვდილს. ეს თემები იყო განხილული. ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ქვეყნის შიგნით და გარეთ”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.