მაია სანდუმ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანის კანდიდატურა წარადგინა

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანის კანდიდატურა წარადგინა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ სანდუმ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ განუცხადა.

ამ დრომდე დორინ რეჩანი მოლდოვის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა, 2012-2015 წლებში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

ახლა ორი კვირის განმავლობაში დორინ რეჩანმა პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა უნდა წარუდგინოს.

მანამდე მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობიდან გადადგა, რასაც მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოჰყვა.