მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ მოვისმინეთ ცალსახა მხარდამჭერი გზავნილები ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს ხვდება. შეხვედრას საგარეო საქმეთა და ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებიც ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავჯმდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, ხორვატია ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ მოვისმინეთ ცალსახა მხარდამჭერი გზავნილები ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. ისინი ცალსახად უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. მათ ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ საქართველოს მაქსიმალური დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინონ ევროინტეგრაციის გზაზე“, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.