ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას გადასინჯავენ. ესებუა პროცესს დისტანციურად ესწრება.

ბადრი ესებუა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.