ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რომ ეს ომი გაჩერდეს, რაიმენაირად მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ, ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, მთავრობა ქვეყნის ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
„ერთი რამ მინდა ვთქვა, თქვენ უყურებთ, რომ ომის დაწყების დღიდან დღემდე, უკვე უკრაინის ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული, ათიათასობით ადამიანია დაღუპული, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას, ზოგი ამბობს, რომ უკვე ეს ერთი ტრილიონი დოლარია, ზოგი ამბობს – 700-800 მილიარდია, ამას ვინ მოთვლის. რაც მთავარია, გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა – მოქალაქეები, ბავშვები დაიღუპნენ, ამ ზარალს და ამ დანაკლისს, ტკივილს, ვერაფერი აღადგენს. ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რომ ეს ომი გაჩერდეს, რაიმენაირად მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ, ეს შემაშფოთებელია. ამის შედეგად, გარემო, რომელიც უკრაინაში, რეგიონში და მთლიანად მსოფლიოშია შექმნილი, კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, რაც ჩვენ ქვეყანას ჭირდება და ჩვენს ხალხს, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ და იმ საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.