რატი იონათამიშვილი – პოდოლიაკს, მის კოლეგებს ყურადღებას არ ვანიჭებთ

ჩვენ ამ ადამიანის, ცალკეული მისი კოლეგის განცხადებებს ყურადღებას რასაკვირველია, არ ვანიჭებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს, ომზე კომენტარი არ გააკეთოს“. ამასთან, პოდოლიაკმა მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს: „არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს“.

იონათამიშვილის თქმით, კომენტარი არ არის საჭირო დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელიც უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებიც არიან ჩართული.

,,ისინი არაერთხელ გამოვიდნენ საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელი და არამეგობრული განცხადებებით. ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სწორად აღიქვა და საკადრისი პასუხიც გასცა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დეზინფორმაციის კამპანიაში, რომლის წევრები სამწუხაროდ, ეს ადამიანებიც ხდებიან, ჩვენი მხრიდან კომენტირებას არ საჭიროებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.