ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილის სახით გვეუბნება, რომ წამების ჩამორეცხვა და პოლიტიკაში დაბრუნება შესაძლებელია

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ჩვენ გვეუბნება ვანო მერაბიშვილის სახით, რომ წამების ჩამორეცხვა და პოლიტიკაში დაბრუნება შესაძლებელია. ამაში ძალიან ცდებიან, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ლევან ხაბეიშვილის არჩევა მეორე ძალის ლიდერად თავისივე ამომრჩევლისა და საზოგადოების შეურაცხყოფაა.

 

„ბევრი ჩვენგანი ნამდვილად გულშემატკივრობდა ლევან ხაბეიშვილს ამ ორთაბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, რომელსაც არ უნდა გაემარჯვა, ამ პარტიის დაზიანება იქნებოდა გარდაუვალი. შესაბამისად, ჩვენთვის თავად ეს პროცესი, როგორც მმართველი პარტიისთვის, რომელიც თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის რადიკალიზმის წყარო ამ ქვეყანაში და მისი არსებობა არის პრობლემა, რა თქმა უნდა ნებისმიერი სახით ამ გუნდის დაზიანება არ არის ჩვენთვის საწყენი. ლევან ხაბეიშვილის არჩევა მეორე ძალის ლიდერად, სიმართლე რომ გითხრათ, მიმაჩნია თავისივე ამომრჩევლისა და საზოგადოების შეურაცხყოფად. ვანო მერაბიშვილი მით უმეტეს კატასტროფაა. ეს არის ლეგიტიმაციის მცდელობა იმ წამებების, ტანჯვის, რასთანაც ეს ადამიანი ასოცირდება. პირდაპირ გუშინდელ გადაცემაში, როდესაც ვუყურებდით ფეიგინთან ვანო მერაბიშვილს, ეს იყო მისი გათეთრების, გარეცხვის მცდელობა. ადამიანებს უნდოდათ ეთქვათ და „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ჩვენ გვეუბნება ვანო მერაბიშვილის სახით, რომ წამების ჩამორეცხვა და პოლიტიკაში დაბრუნება შესაძლებელია და ამაში ძალიან ცდებიან, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა დავითულიანმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა, რომ „დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად, რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ“.