გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თაობაზე მეორე მოსმენით იმსჯელა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, მტირალას ეროვნული პარკის დემარკაციის სამუშაოები განხორციელდა, რაც დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან კერძო საკუთრებების გამოტანას ითვალისწინებს. შესაბამისად, გასწორდა და დაზუსტდა დაცული ტერიტორიის საზღვრები. აღნიშნული სამუშაოების შედეგად მტირალას ეროვნული პარკის ფართობი შემცირდა 118, 8 ჰა-თი და შეადგინა 15580 ჰა.

წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს მტირალას ეროვნული პარკის კოორდინატების კანონში ასახვას. მეორე მოსმენით განხილულ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ნინო თანდილაშვილმა სხდომაზე მესამე მოსმენით ასევე წარადგინა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი. პროექტის მიხედვით, კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვის ჩატარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანოდ განისაზღვრება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა სხდომაზე იმსჯელა ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის საკანონმდებლო წინადადებაზე. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ავტორთა განმარტებით, მიუსაფარი ძაღლების მობილიზაცია-იზოლირებისათვის საჭირო შპრიცსატყორცნის (პნევმატური იარაღი) და სასროლი ტრანკვილიზატორის ქვეყანაში შემოტანისას იქმნება პრობლემები, რაც გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული ხელსაწყო (კალიბრით და სხვა მონაცემებით) ჩვეულებრივ იარაღად ითვლება. აქედან გამომდინარე, წინადადების ავტორები მოითხოვენ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, საკითხი ნამდვილად დასარეგულირებელია, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა გაგრძელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტებთან, თავშესაფრების ხელმძღვანელებისა და ექსპერტების ჩართულობით.

„ჩატარდება შესაბამისი მოკვლევა, რომ მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ წინადადებას – „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს, მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული დოკუმენტის შესახებ პარლამენტში მსჯელობა დიდი ხანია დაიწყო და უკვე ფორმალური სამუშაო ჯგუფების შექმნის ეტაპზე არიან, სადაც ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მისი თქმით, ყველას ინტერესშია, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს, ამიტომ მან მოუწოდა „საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ წარმომადგენლებს, ჩაერთონ კანონპროექტის შემუშავების პროცესში, რომლის ინიცირებაც სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის ბოლოს მოხდება.