„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს, ისევე როგორ ყველა ადამიანს, აქვს უფლება, ჩაერთოს იმ ეთერში, რომელიც მას სურს, და პირიქით, სასარგებლოც იქნება, თუ კიდევ ბევრი ადამიანი იქნება ჩართული მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის.
„საინტერესოა, რომ დღეს კიდევ ერთი ახალი თემა გაქვთ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. მე პირიქით დაგისვამთ კითხვას, ამ კაცს სახლიდან გამოსვლა უნდა ავუკრძალოთ, თუ ვინმესთან დალაპარაკება? ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილს მაგალითად, გარი კასპაროვთან ავუკრძალოთ მეგობრობა?მეგობრობა ავუკრძალოთ რუს ოპოზიციონერებთან, რომლებიც პუტინის რეჟიმს ებრძვიან და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ადამიანთან აქვს მას კომუნიკაცია. ახლა ფეიგინთან თუ ექნებოდა ჩართვა და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხზე ისაუბრებდა, ამაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ნუ ნერვიულობთ, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, სადაც უნდა ჩაერთოს, გავიდეს-გამოვიდეს, სახლში ვერ ჩაიკეტება. პარტიაში გადაწყვეტილებებს იღებს და ა.შ. – ამაზე საუბრობთ უკვე ოცი დღეა, თუ თვე და ოცი დღეა. სხვა ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებსაც ყველამ ერთად უნდა მივაქციოთ ყურადღება. მაგალითად ის, რომ ივანიშვილი ყოველ დღე აღარიბებს ქვეყანას, ყოველდღიურად უკიდურეს მდგომარეობაში აგდებს მოსახლეობას, ასევე კლავს ადამიანს, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატება მოიტანა, ვგულისხმობ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
კითხვაზე, ვანო მერაბიშვილის საჯაროდ გამოსვლა შეიძლება, დავუკავშიროთ მის პოლიტიკაში დაბრუნებას?, – ბოტკოველის განცხადებით, კონკრეტულ ტელევიზიებს თუ სურთ, ასე შეფუთონ საკითხი, ეს მათი ნებაა.
„მთავარი არის, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს საკუთარი უფლებები, ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებებს, სადმე, რომელიმე ტელევიზიას ჩაერთვება, თუ რომელიმე მნიშვნელოვან ჟურნალისტთან ექნება ეთერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის, ყველა ადამიანს აქვს უფლება და პირიქით, სასარგებლოც იქნება, თუ კიდევ ბევრი ადამიანი იქნება ჩართული მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.
რაც შეეხება კითხვას, „მელიას ფრთა ამბობს, რომ არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა შიდაპარტიულ არჩევნებში“, – გიორგი ბოტკოველის განცხადებით, თუ ვინმე ჭორაობას აპირებს, სჯობს, საქმე აკეთოს.
„ვინ რას ამბობს, ვერ გეტყვით, გეტყვით, მე რას ვამბობ და ახლა თუ ვინმე ჭორაობას აპირებს, სჯობს, საქმე აკეთოს, აგერ მოვიდნენ, ერთად ვიბრძოლოთ, აქციებში და იმ პროცესში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც დაასრულებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობას.
ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, ვანო მერაბიშვილსაც. არც მე უნდა შემითანხმოს, არც თქვენ და არც არავის, რომელ ტელევიზიას ჩაერთვება, ეს მისი უფლებაა“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.