იაგო ხვიჩია: ოდნავ მიაწვა „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობს“ და „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ სასაცილოდ იქცა

ჩემი აზრით, ოპოზიცია არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ეს თვითონ „ქართული ოცნების“ წევრებმა იციან. რომ ჰკითხო, თვალს გიკრავენ, რომც არ დაგიდასტუროს ვინმემ. ამ წუთას „ქართული ოცნების“ ხელშია „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ ვთვლით, რომ ერთადერთი საღი აზრი და ლოგიკა, რაც შეიძლება ამაში იდოს, არის ის, რომ სანაცვლოდ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი. თუ ეს ლოგიკა არ დევს და მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის, გამოდის, რომ მას ისე „დაახიეს“ პარტია, რომ აღარც უშვებენ გარეთ. ჩემი აზრით, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვანო მერაბიშვილს და ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნება“ ნებისმიერ თამაშს მოუგებს. ამიტომ, საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ ცოტა მოღონიერება, იმიტომ, რომ უბრალოდ სასაცილო გახდა [პარტია]. ოდნავ მიაწვა „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ და „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ სასაცილოდ იქცა“, – აღნიშნა ხვიჩიამ, რომელსაც მიაჩნია, რომ მმართველ გუნდს მალე „ნაცმოძრაობის“ გაძლიერება მოუწევს, რათა არჩევნებზე კვლავ კომფორტული მოწინააღმდეგე ჰყავდეს.