თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას სწორად აფასებს.
კალაძის თქმით, სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება. ამასთან, დედაქალაქის მერის განმარტებით, სახეზეა მიზანმიმართული ქმედებები, რომლებიც ემსახურება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნას.
„ძალიან ბევრი ადამიანია ამ ქვეყანაში, უმრავლესობა, ვინც სწორად აფასებს სიტუაციას. ჩვენ როცა ვსაუბრობთ სპეკულაციებზე, სააკაშვილის შემოსვლა რით იყო განპირობებული, რას გეგმავდნენ, საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხვდება. გულწრფელად ვიტყვი, მე, ჩემს თანაგუნდელებს რატომ უნდა გაგვიხარდეს სააკაშვილის ან ნებისმიერი პატიმრის სიკვდილი?
გამორიცხულია, მაგრამ ეს ადამიანი არის თვითდაზიანების რეჟიმში. თუ არ მივიღებთ შესაბამის კალორაჟს, ჩვენც დავსუსტდებით. ამიტომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული ქმედება, რომელსაც აქვს ერთი მიზანი – როგორმე შეეცადონ მის ციხიდან დახსნას, რაც შეუძლებელია. მას აქვს კონკრეტული დანაშაულები, რისთვისაც იხდის სასჯელს. ასევე, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა პარტია „ქართული ოცნებისთვის“ საჩუქარია.
„შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით მეტეორი მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია, მმართველი გუნდი ინატრებდა ოპოზიციაში ისეთ ლიდერს, როგორიც არის ხაბეიშვილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას, კალაძის განმარტებით, უკრაინას საქართველოს ხელისუფლებისგან აქვს მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და მომავალშიც ასე იქნება.
„ლელოს“ და ვაშაძის აქციას მე რატომ უნდა შვეუერთდე. უკრაინას ჩვენგან ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა, ყოველთვის აქვს მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ასე იქნება მომავალში. კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.