მიმდინარე წელს, რუსეთის ნავთობის 80 პროცენტი რუსეთისთვის მეგობრულ ქვეყნებზე გაიყიდება – ა. ნოვაკი

2023 წელს რუსეთი ნავთობის ექსპორტის უმეტეს ნაწილს „მეგობრულ“ ქვეყნებზე გადაიტანს – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალ Energy Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი (ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი) ალექსანდრ ნოვაკი. მისი ინფორმაციით, ე. წ. მეგობრული სახელმწიფოები მიიღებენ რუსული ნავთობის 80%-ს და ნავთობპროდუქტების 75%-ს.

ნავთობის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ „ფასის არალეგიტიმურ შეზღუდვებს“,  შეწყდება, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ახალი ბაზრების ძიებას და პოვნას. წელს დაგეგმილია ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი და ნავთობპროდუქტების 75%-ის გაგზავნა მეგობარ ქვეყნებში. რაც შეეხება მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ფასების არალეგიტიმურ შეზღუდვებს, აქ ჩვენი პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია და უცვლელი რჩება: ასეთი ქვეყნები არ მიიღებენ რუსულ ნავთობს“, – წერს რუსი პოლიტიკოსი.

რუსეთიდან ნავთობის ექსპორტმა 2022 წელს, ნოვაკის ინფორმაციით, 7,6%-ით მოიმატა და 242 მილიონი ტონა შეადგინა. ნავთობის მოპოვება იმავე წელს 2%-ით გაიზარდა და 535,2 მლნ. ტონას მიაღწია. ამასთან, ნავთობის გადამუშავება 3%-ით შემცირდა (272 მლნ. ტონა).

 

forbes.ru