ეკონომიკის გაძლიერება და რეგიონული ჰაბის განვითარება შეუძლებელი იქნება სათანადო დაგეგმვისა და დემოკრატიული მტკიცე ერთგულების გარეშე, სწორედ ამიტომ შარშან დავამტკიცეთ „მთავრობის ხედვა 2030“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მთავრობის ხედვა 2030“ არის საქართველოს განვითარების სტრატეგია, რომელიც ყოვლისმომცველი ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტია და წარმართავს ქვეყნის პოლიტიკის დაგეგმვას და კოორდინაციას; თან ასახავს 2030 წლისთვის ქვეყნის განვითარების ძირითად მიზნებს და პრიორიტეტებს, გაერო-ს 2030 წლისთვის განსაზღვრული მდგრადი განვითარების სულისკვეთებას და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პრინციპებს. სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვა მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ხელშეწყობას. გადამწყვეტი ქმედებების განხორციელებისას, საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მუშაობის გამჭვირვალობას და ღიაობას. ადგენს მაღალ სტანდარტებს ღია მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე უსაფრთხოებაში. ეს ძალისხმევა აისახა მრავალ საერთაშორისო რეიტინგში, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში 2022 წელს, რომელიც საქართველოს 41-ე ადგილზე ამყოფებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ მრავალ ქვეყანას მსოფლიო ბანკის 2021 წლის მმართველობის ინდიკატორებით. მისივე განცხადებით, რეგულირების ხარისხით საქართველო 35 ადგილზეა.
„გლობალურად, მსოფლიო სამართლის 2022 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ, კრიმინალის კუთხით, 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მსოფლიოში საქართველო – მე-18, ხოლო ევროპაში მერვე ადგილზეა. ყველა ამ წინსვლის გათვალისწინებით, რასაც მივაღწიეთ, საქართველო ისწრაფვის, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“,- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
„როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 3 მარტს საქართველომ წარადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, როგორც კონკრეტული პასუხი ქართველი ხალხის მრავალწლიან არჩევანზე. 2022 წლის 23 ივნისს კი ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გადამწყვეტი გზა გვაქვს წინ, ევროკავშირში გაწევრიანების გზა და კანდიდატის სტატუსი ჩვენი შემდეგი ეტაპია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს წინსვლა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი იზეიმებს ამ მიღწევას. ყოველივე ზემოთ აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არის მოქნილი და რეაგირებს ახალ რეგიონულ, გლობალურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად იცვლება.
დასკვნის სახით, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხედვა საქართველოს მიმართ გულისხმობს სტაბილურობის, შესაძლებლობების და განვითარების სიმბოლოდ ქცევას. მზად ვართ, შევქმნათ ძლიერი, დინამიკური ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ყველა მოქალაქეს. ამავდროულად ვაშენებთ საზოგადოებას, რომელიც იქნება ინკლუზიური, ინოვაციური და მომავალზე ორიენტირებული. სამომავლოდ, დაე, გვახსოვდეს – ჩვენი მიზანია, საქართველო იმის ნათელ მაგალითად იქცეს, თუ რა არის შესაძლებელი საერთო ხედვის მისაღწევად, საერთო სახალხო გაერთიანებით. ამის შთაგონებას გვაძლევს არაბთა გაერთიანებული საემიროების საოცარი განვითარება. ჩვენ გვაქვს რესურსი, ნიჭი და მონდომება წარმატების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით ჩვენს ხედვას რეალობად ვაქცევთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1ტვ.გე