საქართველოსგან ვითხოვთ სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ – ზახაროვა

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოსგან ითხოვს „სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“. როგორც ზახაროვა ამბობს, ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტი.

„15 წლის წინ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთის ფედერაციამ  უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა და პროგრესული განვითარება, მათი ჩამოყალიბება თანამედროვე და თვითკმარ სახელმწიფოებად. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აქვს რუსეთის მოქალაქეობა და მხარს უჭერს რუსეთთან ალიანსის გაღრმავების პოლიტიკას. ჩვენ ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ამ ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც რეგიონში სტაბილურობის გარანტიას“, – აცხადებს ზახაროვა.