ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მშვიდობისთვის მზადების ნაცვლად უყრაინაში ახალ შეტევით მოქმედებებს იწყებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ბრიფინგზე განაცხადა.
„ომიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, არამედ იწყებს ახალ შეტევით მოქმედებებს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი კიევის სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე.
სტოლტენბერგის თქმით, სიჩქარე გადაარჩენს სიცოცხლეს. თუ პუტინი უყრაინაში ომს მოიგებს, ეს სიგნალი იქნება სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის გამოიყენოს ძალები საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო მხარს დაუჭერს უყრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
მისი აზრით, უყრაინაში რუსეთის განმეორებითი შეტევა უკვე დაიწყო, რაც ჩანს დამატებითი ძალების გაზრდით, რომელსაც რუსული მხარე უყრაინის აღმოსავლეთ ნაწილში აგზავნის.
“ჩემთვის ეს მხოლოდ ხაზს უსვამს უყრაინაში იარაღის, აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილების დროულად გაგზავნის მნიშვნელობას. რაც უფრო ადრე გავაკეთებთ ამას, მით მეტ სიცოცხლეს გადავარჩენთ და გზას გავუხსნით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.