კრემლში აცხადებენ, რომ ნატო ყოველდღიურად ავლენს თავის მტრულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და სულ უფრო მეტად ერთვება უყრაინის კონფლიქტში.
„ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს მიმართ მტრულად არის განწყობილი და რომელიც ამ მტრობას ყოველდღე ადასტურებს. ის ცდილობს მაქსიმალურად მკაფიოდ გამოხატოს თავისი მონაწილეობა უკრაინის ირგვლივ არსებულ კონფლიქტში”, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში, დღეს და ხვალ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის ელის, რომ შეხვედრაზე უყრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხი განიხილება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ უყრაინას დახმარება დაუყოვნებლივ სჭირდება ხმელეთზე.
„როგორც ხედავთ, მიმდინარეობს დისკუსია თვითმფრინავების საკითხზე, მაგრამ ნება მომეცით დავამატო ორი რამ და ეს არის ის, რომ ერთი არის სიჩქარე, აქტუალობა. რადგან როგორი მოსაზრებაც არ უნდა არსებობდეს თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით, ამას დრო დასჭირდება. რაც ახლა საჭიროა, არის უკრაინის მიმართ სასწრაფო მხარდაჭერა. ასე რომ, მთავარი პრიორიტეტი უზრუნველყოფაა, რომ მოკავშირეებმა ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშანტექნიკის, საბრძოლო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გაცემული დაპირებები რაც შეიძლება მალე შეასრულონ, რადგან ყოველი დღე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.