თუ დასავლეთის ქვეყნები გადაწყვეტენ სასწრაფოდ გადასცენ კიევს საბრძოლო თვითმფრინავები, უყრაინას შეუძლია რუსეთთან ომში სრულ გამარჯვებას წელს მიაღწიოს. ეს მოსაზრება ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯსმა, DW-სთან ინტერვიუში გამოთქვა.
“თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამ დონის შენარჩუნებას, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ ამას შეიძლება ხუთ წლამდე დასჭირდეს, ამ დროის განმავლობაში ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება. რაც უფრო ადრე მივცემთ მათ შესაძლებლობას მიაღწიონ გადამწყვეტ შედეგს, მით უფრო მალე დასრულდება ყველაფერი. მე მჯერა, რომ ეს შეიძლება წელს დასრულდეს. უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი და აიძულოს იგი დატოვოს ყირიმი და დონბასი. როდემდე გაგრძელდება ომი, ეს ჩვენზეა დამოკიდებული”, – თქვა ჰოჯესმა.
მან აღნიშნა, რომ უყრაინელი პილოტების დასავლური გამანადგურებლებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია კიევის თვითმფრინავებით უზრუნველყოფა.
“უყრაინა, რა თქმა უნდა, შეარჩევს თავის საუკეთესო პილოტებს ახალ გამანადგურებლებზე გადასაყვანად. არა ისეთებს, რომ უნივერსიტეტებში გაგზავნონ ნულიდან სასწავლებლად”, – განმარტა გენერალმა და დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს.
ბენ ჰოჯესის თქმით, გამანადგურებლების მიწოდება ფაქტობრივად არაფრით განსხვავდება HIMARS-ის სისტემების ან Panzerhaubitze 2000-ების კიევისთვის გადაცემისგან. ეს არის შორი მოქმედების ზუსტი იარაღი, რომელიც უყრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობას აძლევს დაბომბოს რუსეთის ბაზები, ლოგისტიკა და სატრანსპორტო სისტემა.
გადამდგარმა გენერალმა აღნიშნა, რომ ერთადერთი “წითელი ხაზი” სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც აშშ და მისი მოკავშირეები არ გადაკვეთენ, არის სამხედრო პერსონალის უშუალოდ ბრძოლის ველზე გაგზავნა ომში მონაწილეობის მისაღებად.
“მაგრამ უყრაინელები ამას არ ითხოვენ, მათ ეს არ სჭირდებათ”, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.