გურამ მაჭარაშვილი: არასამთავრობოები მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან ფინანსდებიან ისინი

ბოლო თვეების განმავლობაში ზოგიერთმა არასამთავრობომ პრაქტიკულად გადაინაცვლა პოლიტიკაში, პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ და მოუწოდეს საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისკენ. საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, ვინ არიან ისინი, საიდან ფინანსდებიან? მხოლოდ გამჭვირვალობაზეა საუბარი – რატომ ღელავენ ასე, რომ გამჭვირვალედ გამოჩნდება მათი ფინანსები, ეს გაუგებარია, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიცია პირიქით ხედავს ყველაფერს: საქართველოში მშვიდობაა საჭირო და ომი უნდათ, რომ იყოს; ევროპარლამენტიდან უსამართლოა რეზოლუციები და სამართლიანად ასაღებენ ხალხს და ა.შ.

„ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის დაწერილი ამერიკული კანონის შესაბამისად და ასევე მოქმედებს ავსტრალიასა და ისრაელში. აქაც უკუღმა ესმით ყველაფერი. დღეს რამდენჯერმე დამჭირდა იმის ახსნა, რომ ეს კანონი არ ეხება სხვა ქვეყნის აგენტებს. ეს კანონი ეხება სუბიექტებს, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ და ფინანსებიდან უცხოური ძალების მიერ. ვინც 20%-ზე მეტით ფინანსდება, ის ძალიან მარტივად უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში და გააგრძელოს საქმიანობა. ხალხმა უნდა იცოდეს, საიდან მოდის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები, რომელი სახელმწიფოს მიერ ფინანსდებიან ძირითადად და რომელი ქვეყნის ინტერესები შეიძლება იდგეს ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან. როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც არსებობს რეკომენდაციები, რომ არასამთავრობო სექტორმა მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მიღებაში, კადრების შერჩევაში, ისინი ხომ მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში? არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ და მოსახლეობის სახელით საუბრობენ. რატომ შეიქმნა ასეთი აჟიოტაჟი, მე არ მესმის. ბოლო თვეების განმავლობაში ზოგიერთმა არასამთავრობომ პრაქტიკულად გადაინაცვლა პოლიტიკაში, პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ და მოუწოდეს საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისკენ. საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, ვინ არიან ისინი, საიდან ფინანსდებიან? მხოლოდ გამჭვირვალობაზეა საუბარი – რატომ ღელავენ ასე, რომ გამჭვირვალედ გამოჩნდება მათი ფინანსები, ეს გაუგებარია“, – აცხადებს მაჭარაშვილი.