თურმე, კეზერაშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი არიან დემოკრატიის მამები და ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკასთან შეხებაში არ არის, უნდა იყოს დასანქცირებული – ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს.
მისივე თქმით, ჩანს, რომ ხშირ შემთხვევაში კორუფციული პოლიტიკა უფრო წინ არის წამოწეული, ვიდრე რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით სიტუაციის ანალიზი.
„როგორც აღმოჩნდა, კორუფცია საკმაოდ ფესვგადგმულია ევროპარლამენტში. მიხეილ სააკაშვილზე ვენდეტა როგორ არის, როცა ადამიანს მისჯილი აქვს კანონიერად და სასჯელს ყოველმხრივ საუკეთესო პირობებში იხდის. მეორე მხარეა ის, რომ მას აქვს სიმულაციების პოლიტიკა, რათა სასჯელს თავი აარიდოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს 15 თებერვალს უყრიან. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ევროპარლამენტში რეზოლუციის ხუთი ტექსტია წარდგენილი, რომელთაგან ორში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც არის საუბარი. ერთი ტექსტის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“ , მეორის კი – „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“.