მიხეილ სარჯველაძე – სახალხო დამცველის ასარჩევად საუკეთესო მოდელისთვის პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის ასარჩევად საუკეთესო მოდელისთვის პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები შედეგიანი უნდა იყოს.

როგორც სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ახლა მთავარია, „ქართული ოცნება“ ნაკლებად იყოს მინდობილი ოპოზიციის კეთილსინდისიერებაზე.

„შედეგზე ორიენტირება გვჭირდება. მით უმეტეს, ამას მოითხოვს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. ამის მიღმაც, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, გამართულად მუშაობდეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი და მას ჰყავდეს ექვსი წლით არჩეული სახალხო დამცველი. პოლიტიკური კონსულტაციები უნდა იყოს შედეგიანი და თუ ამ პროცესს მხოლოდ ოპოზიციას და მათ კეთილსინდისიერებას მივანდობთ, სამწუხაროდ, საკმარისი რაოდენობის კეთილსინდისიერება საკმარის ხმებში არ აღმოჩნდა. ამიტომ პროცესის სხვაგვარად წარმართვა მოგვიწევს. ეს სხვაგვარად რა იქნება, ამას კონსულტაციები აჩვენებს. გამოჩნდება, რა პერსპექტივა შეიძლება იყოს, რათა სახალხო დამცველი ავირჩიოთ. ინფორმაციას არ ვფლობ, რომ ახლა სახალხო დამცველის შერჩევის მიზნით კონსულტაცია მიმდინარეობს.

ვერც გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ, რომ კანდიდატი გვეყოლება. პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს, რა იქნება საუკეთესო მოდელი. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელის შემშლელი ფაქტორები არ გვქონდეს, რაც ოპოზიციის მხრიდან კომპრომისის დაშვების შეუძლებლობას გულისხმობდა. რაღაც ეტაპზე გაჩნდა ულტიმატუმი და, სამწუხაროდ, ამის მძევალი აღმოჩნდა ულტიმატუმის გამხმოვანებელი მხარე. არგუმენტების გამო მათ მიერ დასახელებული კანდიდატები მიუკერძოებლები ვერ იქნებოდნენ. წინა მცდელობა შედეგიანი არ იყო და ოპოზიციაც ასეთი ულტიმატუმების დაყენებისას წინდახედული იქნება, რადგან აშკარად იგრძნობოდა, რომ ბევრ ოპოზიციონერს ხელი შეეშალა გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან უხეში ულტიმატუმები ჰქონდათ დაყენებული. სახალხო დამცველის შერჩევისას ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ. გვჭირდება კვალიფიციური კადრი, ღირებულებების მწყობრი სისტემით. მიუკერძოებლობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რაც პოლიტიკურ მიუკერძოებლობას გულისხმობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.