თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში მყოფ სომეხ კოლეგას, არარატ მირზოანს სომხეთის მიერ გაწეული დახმარებისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჩავუშოღლუმ განაცხადა, ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობამ სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს ხელი უნდა შეუწყოს.
„ამ რთულ დღეებში სომხეთმა თურქეთს მეგობრობის ხელი გაუწოდა. სომხეთმა ჰუმანიტარული დახმარება 1999 წლის მიწისძვრის დროსაც გამოგვიგზავნა. სამწუხაროდ, სომხეთიც მიწისძვრის ზონაში იმყოფება. დღემდე გვახსოვს სპიტაკის მიწისძვრა, რომელსაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ ჩვენ სომხეთს დახმარება გავუგზავნეთ, ახლა კი ამავე სასაზღვრო პუნქტის გავლით სომხეთმა დახმარება ჩვენ გამოგვიგზავნა“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თავის მხრივ, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა ერთობლივი ძალებით ანისის ხიდის აღდგენაზე შეთანხმდა.