საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა საბერძნეთში არსებული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და დიასპორული ინიციატივების პროექტებში გამარჯვებულ თანამემამულეებთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს დღევანდელი შეხვედრისთვის და ინფორმაცია მიაწოდა როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ასევე ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
„მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მთავრობისთვის დიასპორის განსაკუთრებული მნიშვნელობა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს დიასპორის გასაძლიერებლად და სამშობლოს განვითარებაში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა დიასპორის განსაკუთრებულ როლს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევასა და ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში.
მინისტრმა ასევე მოისმინა დიასპორის წარმომადგენელთა საჭიროებები და მზადყოფნა გამოთქვა უწყების მხრიდან, მათთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში, აღნიშნული თემების შეძლებისდაგვარად მოგვარებისთვის“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.