„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა „კაგებეს“ ელიტარულ მეთოდს მიმართა, როდესაც სცადა, თვითდაზიანებით იქამდე მიეყვანა თავისი ორგანიზმი, რომ შემდეგ ამ კვლევებში გამოჩნდეს, რომ პაციენტი მართლაც მძიმედ არის.
„ეს არის „კაგებეს“ ელიტარული მეთოდი, რასაც მიმართა სააკაშვილმა: თვითდაზიანებით იქამდე მიიყვანოს თავისი ორგანიზმი, რომ შემდეგ ამ კვლევებში გამოჩნდეს, რომ პაციენტი მართლაც მძიმედ არის და აუცილებლად უნდა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, მაგრამ უნიჭოა და ვერ შეასრულა ეს“, – აცხადებს ყაველაშვილი.
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ვიდეოკადრი გაავრცელა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად, ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება.