სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები გადასცა

ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები გადასცა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა ყოვლისმომცველი დოკუმენტის პროექტი, რომელიც ასევე გადაეგზავნა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს.

„იმედი გვაქვს, რომ განვავითარებთ პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ მოლაპარაკებების 3 რაუნდის შედეგად. ჩვენი ხედვა ასეთია: დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შეთანხმებების ისეთ ლოგიკას, ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების ისეთ სისტემას, რომელიც გამორიცხავდა მყარი და სტაბილური მშვიდობის დარღვევის ნებისმიერ სცენარს“, – განაცხადა ფაშინიანმა.