ადვოკატი – ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი და ამავე კომპანიის ექსპერტი ბრალის დამძიმებას არ ეთანხმებიან

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი ნუგზარ ქიტიაშვილი და ამავე კომპანიის ექსპერტი დავით თუშიშვილი მათთვის ბრალის დამძიმებას არ ეთანხმებიან.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა ლიკა ძარიამ განუცხადა.

ძარიას განმარტებით, თუშიშვილი და ქიტიაშვილი უდანაშაულოები არიან.

„ნუგზარ ქიტიაშვილისა და დავით თუშიშვილის ადვოკატები ბრალის დამძიმების ნაწილში ბრალდების მხარეს არ ვეთანხმებით. ბრალდებულები უდანაშაულოები არიან. ამ ეტაპზე, უფრო დეტალურ კომენტარს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ძარიამ.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ – “გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).”გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).