საზოგადოება ხედავს, თუ სად არის სიმართლე. სიმართლე არ არის არც ამ რეზოლუციის და არც ევროპარლამენტარების მხარეს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს. სიმართლე დაადგინა არაერთხელ და გუშინაც სტრასბურგის სასამართლომ, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ევროპა და ევროპული ღირებულებები – ეს არის სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების აღსრულების გარდაუვალობის პრინციპი. ამ ღირებულებებს ეფუძნება ევროპული მიდგომები. როდესაც ფაქტების გარეშე, არგუმენტების გარეშე ვიღაცას რამეში ცილს სწამებ, ეს არ არის ევროპული მიდგომა, ეს უცხოა ევროპისთვის. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლობიზმს და ინტერესებს აქვს ადგილი, რომ ასეთი სიყალბით ხდება ევროპული პოლიტიკური სტრუქტურის დისკრედიტაცია. ევროპარლამენტის სახელით მიიღება რეზოლუცია, რომელიც არავითარ ფაქტს არ ეფუძნება და არის მხოლოდ დეზინფორმაციული. ამის პარალელურად სტრასბურგის ყველაზე მაღალ ინსტანციას, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია სამართლიანობის მასშტაბის განსაზღვრაზე, გამოაქვს გადაწყვეტილება, სადაც ამხელს იმ სისტემას, რომელშიც ხდებოდა ადამიანების სისტემური და სისტემატური წამება. ამიტომ ეს დეზინფორმაცია, როგორც ჩანს, გაგრძელდება, თუმცა ჩვენს საზოგადოებას უნდა ავუხსნათ და საზოგადოება ამას ხედავს, თუ სად არის სიმართლე. სიმართლე არ არის არც ამ რეზოლუციის და არც ევროპარლამენტარების მხარეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მას. სიმართლე დაადგინა არაერთხელ და გუშინაც სტრასბურგის სასამართლომ“, – აცხადებს ოხანაშვილი.
იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, 2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა.
ამასთან, ახლახან ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 577 დეპუტატმა დაუჭირა, 33 მოწინააღმდეგე იყო, ხოლო 26-მა კი თავი შეიკავა.