სტატიამ, რომელიც საქართველოს დაკარგული ტერიტორიების თემას მივუძღვენი, მძაფრი რეაქცია გამოიწვია. „პატრიოტი“ მკითხველისთვის მიუღებელი გამოდგა ჩემეული ხედვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ყოფილი ავტონომიების საქართველოს შემადგენლობაში ვერ დაბრუნების თაობაზე.
სტატიაში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო ვერ დაიბრუნებს დაკარგულს. როგორ თუ ვერაო — მამლაყინწასავით აიქოჩრა „პატრიოტი“ ქართველი, ხმალიც იშიშვლა ჩემი თავის მოსაკვეთად.
დიახ! ჩემი თავის და არა რეალური მტრის, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის (საბჭოური განმარტებით) იქით, ანუ ამჯერად დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვრებში იმყოფება და მოპოვებული დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად არწივივით დასტრიალებს თავს.
თუმცა სიტყვა გამექცა, იქ მცხოვრებთათვის შეუფერებელი სიტყვის „მტრის“ მიკერებისთვის. აფხაზეთის მოსახლეობა არ იმსახურებს სიტყვა „მტერს“ ანდა, რატომ უნდა იმსახურებდეს. მან ხომ მზაკვრულად, ზურგში არ ჩაგვცხო ხანჯალი; მან ხომ არათანაბარ, პირისპირ ომში გვაჩვენა სიმტკიცე, შეუპოვრობა, სიმამაცე?
მოკლედ და კონკრეტულად, მან ჩვენთან შერკინებაში გაიმარჯვა. მან არა მარტო ბრძოლის ველზე მოგვიგო, არამედ მოლაპარაკების მაგიდასთან — მრავალს რომ ჰქონდა ადგილი „ვარდების რევოლუციამდე“.
ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას (შეხვედრებს), რომელიც დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ინიცირებული და მრავალი წლის განმავლობაში იმართებოდა ავსტრია, გერმანია, ინგლისში, მეც ვიღებდი მონაწილეობას. შეხვედრების ორგანიზატორებმა პირველი დიალოგი ავსტრიის დაბა, შლაინინგში გამართეს და მისი სახელიდან გამომდინარე ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა შეხვედრებსაც შლაინინგის პროსეცი დაარქვეს.
შეხვედრები მორიგეობით იმართებოდა ზემოაღნიშნული ქვეყნების დიდ თუ პატარა ქალაქებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ თითო მხარის 7 წარმომადგენელი. შემადგენლობა იცვლებოდა, მაგრამ განსახილველი თემების შინაარსი — საერთო ენის გამოძებნა, მუდმივად რჩებოდა.
სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო, რამეთუ ორგანიზატორთა მიზანიც შერიგება იყო, ისე, როგორც დიალოგში მონაწილე მხარეების.
დიალოგი ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა — ყოველდღიური სჯა-ბაასით, საგნობრივი ლაპარაკით, ორგანიზატორთა წინასწარ მომზადებული თემების განხილვით, როგორც საერთო, გაერთიანებული სხდომების დროს, ისე ჯგუფებად დაყოფილი შეხვედრებისას.
თარგმნის უზრუნველყოფა ორგანიზატორების მიერ იყო გადაწყვეტილი, ისე, როგორც ნებისმიერი საორგანიზაციო საკითხის, მათ შორის მგზავრობის, სასტუმროში ცხოვრების, კვების, ე.წ. ჯიბის ფულის და სხვა.
სხდომები დილის 9 საათზე იწყებოდა და მოკლე შესვენებებით, საღამოს 6 საათამდე გრძელდებოდა. ვინაიდან შეხვედრები პატარა დასახლებულ პუნქტებში მიმდინარეობდა, დიდ ქალაქებისგან საკმაო მანძილით დაშორებულში — 6 საათიდან დაძინებამდე გრძელდებოდა ლაპარაკი აფხაზეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საჭირბოროტო თემებზე.
თუ დასაწყისში დამოკიდებულება მომლაპარაკებლებს შორის იყო დაძაბული, კვირის განმავლობაში დაძაბულობა, კონსტრუქტივიზმი გადადიოდა, ისე, როგორც კეთილგანწყობაში.
თქვენი მონა-მორჩილი დიალოგში 2-3 შეხვედრის შემდეგ ჩაერთო, როგორც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ცენტრალურ ხელისუფლებასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი.
აღნიშნულ ღონისძიებაში აჭარის წარმომადგენლის მონაწილეობა თვით ორგანიზატორთა და საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელსაც პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობდა (შემდგომში „ოცნიების“ ხელისუფლების შერიგების საკითხებში მინისტრი), ინიციატივა იყო, რისთვისაც ბატონ პაატას დიდ მადლობას ვუხდი.
აფხაზებთან შეხვედრებმა დამანახეს უამრავი პრობლემა, წლების განმავლობაში გადაუწყვეტელი, უყურადღებოდ მიტოვებული, რომლებმაც იმდენად მძიმე ფონი შეუქმნეს აფხაზეთში, ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრებას, თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, რომ პატარა ნაპერწკალიც საკმარისი გახდა დიდი ხანძრის გასაჩენად.
ეს ხანძარი 1992 წელს, აგვისტოში აგიზგიზდა — მოსკოვიდან დაბრუნებული შევარდნაძის ავანტიურისტული ნაბიჯით.
მკითხველს შევახსენებ, რომ შევარდნაძე, სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი, სკკპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრი, გორბაჩოვის — სსრკ ცკ-ს გენერალური მდივნის, სსრკ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, არავითარ პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ცხოვრებას არ ეწეოდა. ის ემზადებოდა საქართველოში დასაბრუნებლად, რაც განახორციელა კიდეც 1992 წლის მარტში, თბილისის ომის დამთავრების და პრეზიდენტ გამსახურდიას ქვეყნიდან განდევნის შემდეგ.
თბილისში დაბრუნებულ შევარდნაძეს დანგრეულ-გაპარტახებული ცენტრი დახვდა — განადგურებულ-დამწვარ-დარბეული მთავრობის სასახლით, ამჯერად პარლამენტის შენობით, დანგრეული. პირველი სკოლით, თავისუფლების მოედნისა და მიმდებარე ქუჩების გავერანებულ-დამწვარი სახლებით და რაც არანაკლებ სავალალო იყო დაუმორჩილებელი, აგრესიული, ადამიანური ქცევის საზღვრებიდან გადასული ხალხით, რომელიც ისე უსწორდებოდა ერთმანეთს, როგორც მონადირე მფრინველს.
იყო სიცივე, უგაზობა, უშუქობა, უპურობა, ქურდობა, ძმათა კვლა და ყოველივე სიბინძურე, რაც ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს.
დაბრუნებულ შევარდნაძეს სხვა საქართველო დახვდა, არა ისეთი დამჯერი, თანამდებობის მიმართ მორჩილი, როგორიც მოსკოვში სამუშაოდ წასვლის დროს დატოვა. მას ერთპარტიული ქვეყნის ნაცვლად მრავალპარტიული დახვდა — განსხვავებული მოსაზრებებით, კომპარტიისადმი და საბჭოური ცხოვრებისადმი მტრულად განწყობილი.
შევარდნაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოების კარდინალური ფერიცვალება. დიდისადმი, პატარის ზერელე, აგდებული დამოკიდებულება. საბჭოთა პერიოდში ღმერთთან გატოლებული პოლიტბიუროს წევრისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული პოლიტიკოსისთვის მოულოდნელი გამოდგა პატარა საქართველოს თავზეხელაღებული ახალგაზრდა „პოლიტოკოსების“ არამორჩილებადი, უფრო მეტიც, არაკორექტული დამოკიდებულება მის მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა ნებისმიერი თათბირის, შეხვედრის დროს, რომელსაც ის ატარებდა ომისგან გადარჩენილ „იმელის“ შენობაში, სადაც მან დროებით დაიდო ბინა, ანუ სამუშაო ადგილი — საქართველოს ცენტრალური კომიტეტის, შემდგომში მინისტრთა საბჭოს შენობაში გადასვლამდე.
შევარდნაძეს — პარტიაში, მთელი ცხოვრების განმავლობაში მომუშავეს, დახვდა კომპარტიისგან კარდინალურად განსხვავებული მრავალპარტიული სისტემა — სამოქალაქო ომგამოვლილი, საკუთარ ავტონომიურ ფორმირებებთან დაპირისპირებული, უკვე მათთანაც ნაომარი, რომლის დამოკიდებულება შევარდნაძის მიმართ იყო ნეგატიური.
პარტიულ დისციპლინას, თანამდებობრივ უმცროს-უფროსობას მიჩვეული შევარდნაძისთვის ძნელი ასატანი იყო ახალგამოჩეკილ პოლიტიკოსებთან ყოველდღიური დიალოგის წარმოება, შეთანხმების მიღწევა. თქვენ თვითონ განსაჯეთ პატივცემულო მკითხველო, როგორი ურთიერთობა შეიძლება ჰქონოდა პოლიტბიუროს ყოფილ წევრს კანონიერ ქურდთან, ციხიდან გამოსულ ჯაბა იოსელიანთან, „ძველ ბიჭთან“ და ყოფილ მხატვართან, ქვეყნის ჯარის მეთაურობაზე პრეტენზიის მქონე თენგიზ კიტოვანთან, ერთ-ერთი პარტიის ლიდერთან ირაკლი წერეთელთან, გამსახურდიას წინააღმდეგ ამბოხების ორგანიზატორ თენგიზ სიგუასთან, სხვებთან?
შევარდნაძემ, საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად, საბჭოეთის დროინდელი პარტიულ-კომკავშირული კადრები მოიხმო — გამსახურდიას რეჟიმის მიერ დაშინებული და ბუჩქებში დამალული.
სამწუხაროდ, ძველისა და ახლის ძალდატანებითმა „თანამშრომლობამ“ ვერაფერი პოზიტიური მისცა ქვეყანას. თბილისსა და სხვა რეგიონებში მიმდინარე ურთულესმა პროცესებმა, ყაჩაღობამ, ქურდობამ, ერთმანეთის გაუტანლობამ, ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უქონლობამ, გაჩერებულმა ფაბრიკა-ქარხნებმა, საწარმოებმა; უშემოსავლოდ დარჩენილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის უკიდურესმა გაუარესებამ, უპურობამ, უშუქობამ, უგაზობამ, ურთულესი პირობების წინაშე დააყენა შევარდნაძე — უგუნდოდ მყოფი, ეკალივით ამოწვერილი დაპირისპირებით აღსავსე ქვეყანაში.
შექმნილი რთული ვითარების გამო მან არათუ ვერ მიაქცია ავტონომიურ რესპუბლიკებს ჯეროვანი ყურადღება, არამედ არც კი შეეცადა ჩაეხედა მათ საშინაო ცხოვრებაში.
ავტონომიური ფორმირებებისდმი დამოკიდებულება ძველებური, საბჭოური ჰქონდა მას. არადა, ისე, როგორც თბილისში, სოხუმში, ბათუმში და ცხინვალში გორბაჩოვისეულ გარდაქმნას ჰქონდა ადგილი — სხვაგვარი აზროვნების პოლიტიკოსების, მრავალი პოლიტიკური პარტიისა და საბჭოურისგან მკვეთრად განსხვავებული საზოგადოების აქტიურობით.
საბჭოთა კავშირიდან გამოყოლილი წეს-ჩვეულების მიხედვით, შევარდნაძე შეეცადა ავტონომიების ხელმძღვანელებთან ურთიერთობის წარმართვას — ცენტრში, ანუ თბილისში გამოძახებით და შესაბამისი დავალებების მიცემით. შევარდნაძეს თავს სსრკ-ს ცკ-ს პოლიტბიუროს წევრის შარავანდედი ამკობდა — ძველებური ამბიციებით.
ავტონომიური ფორმირებების არჩევნებში გამარჯვებულმა ლიდერებმა არაფრად ჩათვალეს შევარდნაძის ავტორიტეტი — მოპოვებული საბჭოეთის წიაღში. მათთვის, მისი ავტორიტეტი საბჭოთა კავშირივით განსვენებული იყო. არც ერთი მათგანი არ ეახლა მას. ისინი თავს გაცილებით დამოუკიდებლად გრძნობდნენ, ვიდრე შევარდნაძე იფიქრებდა.
აფხაზეთის მეთაურმა არძინბამ, შევარდნაძის მოსკოვიდან დაბრუნებისთანავე, წერილი გამოუგზავნა მას, სადაც სვამდა საკითხს საქართველოს პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებით, აფხაზეთისთვის განსხვავებული სტატუსის მინიჭების მოლაპარაკების დაწყებისთვის. წერილი შევარდნაძეს პირადად გადავეცი, დარწმუნებული ვარ მან წერილი წაიკითხა, თუმცა არც სიტყვიერი და არც წერილობითი პასუხი ავტორისთვის არ გაუცია, რასაც მოჰყვა არძინბას მეორე წერილი, რუსულ ენაზე გამომავალ აფხაზეთის გაზეთში გამოქვეყნებული — იგივე შინაარსის მატარებული.
როგორც ჩანს, არც მეორე წერილს გასცა პასუხი შევარდნაძემ. სამწუხაროდ, მოგვიანებით, 1992 წლის აგვისტოში მან სხვაგვარი პასუხი, ანუ სამხედრო, აფრინა აფხაზეთს, კიტოვანის და იოსელიანის „ხელით“.
ასე დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი აფხაზეთში — სარკინიგზო ხაზის უსაფრთხოების დაცვის და ტვირთების ძარცვის თავიდან აცილების მიზნით.
ცნობისთვის, მოგახსენებთ: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობა უმალ აღიარა მრავალმა ქვეყანამ. ამასთანავე მათ მწვანე შუქი აუნთეს გაეროში შესასვლელად — გარდა საქართველოსი. მას უარი ეთქვა არჩეული პრეზიდენტისა და ხელისუფლების დამხობისთვის. მხოლოდ დროებითი ხელისუფლების მიერ გაეროსთვის მიცემული პირობის შემდეგ, რომ საპარლამენტო არჩევნებს 1992 წლის შემოდგომით ჩაატარებდა და საკუთარ ავტონომიებთან საკამათო საკითხებს მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვეტდა, საქართველო, ავანსად მიიღეს გაეროში.
გაეროში გაწევრების ცერემონიალს საქართველოს დროებითი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდა. გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე 1992 წლის 31 ივლისს გამოსვლის დროს მან ხაზგასმით აღნიშნა: „საქართველოს რესპუბლიკა ძალის გამოყენებას ან მის მუქარას არ განიხილავს პოლიტიკის კანონიერ იარაღად და ნებისმიერი რეგიონული თუ სხვა კონფლიქტის შემთხვევაში იბრძოლებს მხოლოდ მოლაპარაკების გზით მათი გადაჭრისთვის“.
გაეროში „ფიცის“ შემდეგ, სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ დღეებში, საქართველოს ლაშქარი აფხაზეთში შევიდა, რითაც გაჩაღდა ომი — ერთობ დამანგრეველი, როგორც პოლიტიკური, ისე მორალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. გააჩინა უფსკრული ქართველთა და აფხაზთა შორის, რომლის ამოვსება ვერ მოხერხდა ომის დამთავრების შემდეგ, ვიდრე ფაქტობრივად აფხაზეთის ავტონომია საქართველოს შემადგენლობაში ითვლებოდა, ანუ 2008 წლამდე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ცხინვალში გაჩაღებულ ომამდე.
ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთ—სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რითაც ფაქტიურად დაკარგულ ტერიტორიებს იურიდიული სტატუსიც შემატა. დღეს, ყოფილი ავტონომიები, დიპლომატიური განმარტებით დე-ფაქტო და დე-იურე დამოუკიდებელი ქვეყნებია.
საქართველოში დაბრუნებული შევარდნაძის მმართველობის პირველი წლების ზედაპირული გახსენება ავტონომიებთან ურთიერთობით არის გამოწვეული, უფრო სწორად ამ ურთიერთობების არ არსებობით.
სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე შევარდნაძემ ვერ მოახერხა ავტონომიებთან კონსტრუქციული დიალოგის დაწყება, საქმიანი კავშირების დამყარება, რაც არა მარტო პირადად მისი შეცდომა იყო, არამედ ყველა მის გვერდით მყოფის, რომლებსაც მინიმალური წარმოდგენაც არ ჰქონდათ მსოფლიო რეგიონალიზმზე, რეგიონულ ურთიერთობებზე მთელ რიგ საკითხში, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურში, ტურიზმში მსოფლიოს რეგიონების ერთმანეთთან თანამშრომლობაზე — ავტონომიურად, ცენტრალური ხელისუფლების გარეშე.
შევარდნაძის ჩათვლით, ყველა ისინი საკითხისადმი ძველებული, ანუ საბჭოური მიდგომის მიმდევარნი იყვნენ, ერთობ მოძველებულის, ნაკლები ეფექტის მომცემის.
არანაკლები გონებაშეზღუდულობით აღინიშნა სააკაშვილის და მისი გუნდის დამოკიდებულება ავტონომიურ ფორმირებებთან მიმართებაში, ძალისმიერი გზა ამ საკითხის გადაჭრისა იყო მთავარი, სააკაშვილის „შემოქმედებაში“.
არაერთი ავანტიურისტული, პროვოკაციული გამოხდომა, რასაც სისტემატურად ჰქონდა ადგილი ავტონომიების ადმინისტრაციულ საზღვრებთან არის ამ „შემოქმედების“ უტყუარი დამადასტურებელი, რასაც წერტილი დაესვა რუსეთის მიერ ყოფილი ავტონომიური ფორმირებების (გარდა აჭარისა) დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებისთანავე.
თითქმის 23 წელი გავიდა საქართველოს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე. ამ ხნის განმავლობაში, სამთავრობო წრეებში არაერთხელ გაისმა დაკარგულის დაბრუნების თაობაზე, თუმცა ზედაპირულად, საკითხისადმი ზერელე დამოკიდებულებით, ქარაფშუტულად.
არავის დაუსვამს კითხვა — რამდენად არის ამჯერად დამოუკიდებელი, ყოფილი ავტონომიების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესაძლებლობა? არც ის უკითხავს — რა უნდა გაკეთდეს ამ მიზნის მისაღწევად.
ის, რომ ჩვენ, აფხაზები და ოსები ძმები და დები ვართ, ხშირად გვესმის — გაცილებით ხშირად, ვიდრე დაშორებამდე, რაც ჩემის აზრით კიდევ უფრო მეტად გვაშორებს ერთმანეთისგან, ვინაიდან არაგულწრფელად ჟღერს და მათ ყურს და გონებას არასასიამოვნოდ აფხიზლებს.
მოდით სხვაგვარად დავსვათ კითხვა — ვართ თუ არა ჩვენ, ანუ საქართველო ისეთ დონეზე — პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად, რომ წასულებს შემობრუნების სურვილი გაუჩნდეთ, მიატოვონ საქართველოზე ყველა პარამეტრით მაღლა მდგომ რუსეთთან ურთიერთობა და ჩვენსკენ გამოქანდნენ?
საქართველო არ არის შვეიცარია, მონაკო, მონტე-კარლო და სხვა სოციალურად მყარად მდგომი ქვეყნები ან ქალაქები, სანატრელი რომ იყოს აფხაზი და ოსი ხალხისთვის.
წასულების მოზიდვის მაგნიტი „კარგი“ ცხოვრებაა და არა დაპირება, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა რომ გასცა — აი, 10 მილიარდი დოლარი თქვენს ასაყვავებლად, 3 წლის განმავლობაში, საქართველოში დაბრუნებისთანავე.
დარწმუნდებიან ამით წასულები თბილისის ხელგაშლილობაში და უმალ გამოსწევენ ჩვენსკენ?
თქვენი არ ვიცი პატივცემულო მკითხველო, მაგრამ მე არ მჯერა. მე უფრო იმათი მჯერა, ოსი და აფხაზი „ძმები და დები“ რომ ჰქვიათ და მათი გამონათქვამების, უმეტესად უარყოფითის, ღარიბაშვილის შეთავაზებას რომ მოაყოლეს.
10 მილიარდი კი არა, 17 მილიარდი მარტო აფხაზეთს — ომით დანგრეულის აღსადგენადო, მაგრამ ფული არაფერ შუაშია, ჩვენ არ ვიყიდებით და არავითარი ფულით უკან არ დავბრუნდებითო.
ფულით აფხაზთა ლიდერების მოსყიდვის მცდელობა პირველი არ არის. ჩემთვის ცნობილია ამერიკაში მომუშავე ქართველი დიპლომატების „შერიგების“ ანალოგიური პროექტი, ამერიკელთა მოწონებული, რომელიც ჩაიფარცხა აფხაზთა უარის გამო. ასე რომ, ღარიბაშვილის შეთავაზება მიზანს ვერ მიაღწევს, რაც გულდასაწყვეტია, მაგრამ არა იმედგაცრუების საბაბი.
საქართველოს ხელისუფლებამ ის ფული, 10 მილიარდი, აფხაზეთიდან და ოსეთიდან ლტოლვილთა მდგომარეობის გამოსწორებას უნდა მოახმაროს. უპირველესად სასტუმროებში „უშბა“, „კოლხეთი“, სხვა სასტუმროებში, საერთოსაცხოვრებლებში შეყრილი ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი სახლები უნდა ააშენოს, შეუქმნას მათ ნორმალური ცხოვრებისა და არსებობის პირობები.
30 წელი გავიდა აფხაზეთიდან ქართველი მოსახლეობის გამოქცევის შემდეგ, მაგრამ მათი საცხოვრებელი პირობები ჯერაც დაუკმაყოფილებელია. ბევრი მათგანი 16 წელია ბინის მიღების რიგში დგას და როგორც ჩანს ისე წავა ამ ქავეყნიდან, ბინას ვერ ეღირსება. არადა ცენტრალური ხელისუფლების ავანტიურისტულმა, უჭკუო მოქმედებამ გამოიწვია ომი აფხაზებთან, რომელსაც მოჰყვა ლტოლვილობა.
დაბნეულმა შევარდნაძემ და მისმა გარემოცვამ, აფხაზეთიდან ლტოლვილების გულის მოსაგებად საქართველოს პარლამენტის წევრობაც უბოძა იქაურ მთავრობას, თანაც ყოველგვარი არჩევის გარეშე, არაერთი მოწვევით, აფხაზეთის მთავრობაც (ლტოლვილობაში) შექმნა — სამინისტროებითა და უწყებებით, უზენაესი საბჭოც, დეპუტატებით. გარდა ამისა შეიქმნა შერიგებისა და ინტეგრაციის სამინისტრო, მოგვიანებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს დაევალა აფხაზეთთან შერიგების პროცესის დაწყება და ა.შ.
აჭარის მეთაური ასლან აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლად დაინიშნა — აფხაზეთის საკითხებში.
აფხაზეთის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს მათი მხრიდან არაერთხელ ითქვა — ჩვენთან რას მოდიოდით, თბილისში არ გყავთ აფხაზეთის ხელისუფლება — იმათთან მოილაპარაკეთო. და მართლაც, ვლაპარაკობთ შერიგებაზე, რეალურ მთავრობასთან, რომელსაც რას არ ვუწოდებთ — სეპარატისტები, ტერორისტები და ა.შ. თან ჯიბეში გვყავს აფხაზეთის ხელისუფლება, რომელსაც ჩვენთვის ხელსაყრელი ვითარების შემთხვევაში სოხუმში დავაბრუნებთ.
ძალიან ბრიყვი უნდა იყოს აფხაზეთის ნამდვილი ხელისუფლება, რომ ესოდენ არასუფთა თამაში, უფრო სწორად ბინძური, მიიღოს და დიალოგში წამოგვყვეს.
თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება, წერტილი უნდა დაუსვას მათი ტყუილი მთავრობის თბილისში არსებობას. ამით იქაურთა გულსაც მოვიგებთ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია შევწყვეტთ სახელმწიფო ფულის ხარჯვას ერთობ გამოუსადეგარი, არასასარგებლო და მოლაპარაკებებისთვის ხელის შემშლელი ე.წ. სახელმწიფო ორგანოების არსებობას.
წერტილი უნდა დავუსვათ ფაქტიური მთავრობის სიტყვიერ შეურაცხყოფას, სეპარატისტების გამუდმებული ძახილით. უნდა დავიწყოთ სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენაზე მოლაპარაკება უპირველეს ყოვლისა რუსეთთან და არა მარტო სარკინიგზო, საავტომობილო გზის.
ხელისუფლებამ, ოპოზიციის ისტერიკის მიუხედავად, უნდა დაიწყოს მოლაპარაკება საქართველო—რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობების აღსადგენად. არ ექნება ამას ადგილი და არ დაიწყება თბილის—სოხუმს, თბილის—ცხინვალს შორის დიალოგი.
მოსკოვმა უნდა იქონიოს ზეგავლენა სოხუმ—ცხინვალზე, რათა ისინი დაგველაპარაკონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი, ჩვენსკენ ნაბიჯს კი არა, ნახევარ ნაბიჯსაც არ გადმოდგამენ. პარალელურად მაქსიმალური ენერგია უნდა მოვახმაროთ საქართველოს ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას.
უნდა ვიფიქროთ არსებული პოლიტიკური ვექტორის (დასავლეთისკენ) შენელებაზე — ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე ტყუილი განცხადებების კეთებაზე, მითუმეტეს უახლოეს პერსპექტივაში იქ არვინ შეგვიშვებს.
საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური წინსვლისთვის რეგიონი, სადაც ვართ, სრულიად საკმარისია. დასავლეთთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც დღეს — სამეზობლო ურთიერთობებით უნდა ჩანაცვლდეს ის. კოლექტიურ დასავლეთთან კი ისეთი ზედაპირული ურთიერთობები უნდა გვქონდეს, როგორიც გვაქვს მეზობლებთან.
რკინიგზის აღდგენა ხელს შეუწყობს აფხაზურ მხარესთან სისტემატურ, საქმიან ურთიერთობებს, დაახლოებას. დაშორებული მხარეების ერთმანეთთან დაკავშირებას საერთო ბიზნეს-პროექტებიც დაეხმარება, ისე, როგორც მედიებს შორის საქმიანი თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა.
დაახლოების პროცესი არ იქნება იოლი და არც ერთი ან ორი წლის განმავლობაში განხორციელებადი, მას მრავალი წელი დასჭირდება. ჩანგრეული ხიდის აღდგენა ძნელია, მაგრამ შესაძლებელი, გაცილებით ადრე, ვიდრე ერთმანეთზე განაწყენებული ხალხის შერიგება, რაც მხედველობაში უნდა მივიღოთ — უკეთესი მომავლის შენებისთვის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი