თეონა აქუბარდია ხელისუფლებას მიმართავს, ნატოს წევრი ქვეყნების დახმარებით შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოების დაცვა და განაღმვითი ოპერაციის განხორციელება უზრუნველყოს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ხელისუფლებას მიმართავს, შავი ზღვის აკვატორიის უსაფრთხოების დაცვა და განაღმვითი ოპერაციის განხორციელება შავის ზღვის ნატოს წევრი ქვეყნების დახმარებით უზრუნველყოს.

აქუბარდია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ბათუმში, სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა, რომლის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

აქუბარდიას თქმით, საფრთხე არამხოლოდ ტურიზმს, არამედ პორტებსაც ექმნება და როდესაც განაღმვით ოპერაციებზეა საუბარი, მნიშვნელოვანია, მისი შავი ზღვის ნატოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით განხორციელება.

„უყრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, ანალოგიური საზღვაო ნაღმები იქნა აღმოჩენილი და საზღვაო ოპერაცია მიმდინარეობს როგორც ბულგარეთში, ასევე რუმინეთსა და თურქეთში. ესენი შავი ზღვის ნატოს წევრი ქვეყნები არიან. ჩვენ გაცხადებული გვაქვს ნატოში გაწევრიანების სურვილი, ისევე როგორც ნატოს მოკავშირის სტატუსი. შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში საქართველო, შესაძლებლობების ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული. როდესაც შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი შავი ზღვის აკვატორიის დაცვაში ნატოს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ კომიტეტის სხდომაზე.