დავით მათიკაშვილი – დაფინანსების გამჭირვალობა არა მარტო არასამთავრობო სექტორს ეხება, არამედ ყველას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დაფინანსების გამჭირვალობა დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე.

როგორც დავით მათიკაშვილი ამბობს, დაფინანსების გამჭირვალობა არა მარტო არასამთავრობო სექტორს ეხება, არამედ ყველას.

„მე არ მესახება მსოფლიოში განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, ვის მიერ და როგორ ფინანსდება არასამთავრობო სექტორი. ზოგადად, დაფინანსების გამჭირვალობა მარტო არასამთავრობო სექტორს არ ეხება, ეხება ყველას და ის დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ჩვენს ქვეყანაში ყველა სხვა მიმართულებით, მათ შორის პარტიების დაფინანსების კუთხით, არსებობს კანონმდებლობა, რომელიც იძლევა სავალდებულო პირობას, რომ დაფინანსების საკითხი იყოს გამჭირვალე და ეს ვალდებულებები პარტიებს აქვთ, „ენჯეოს“ სექტორი ამ ყველაფერს გამორიდებული იყო და, გამჭირვალობის კუთხით, საზოგადოებას არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია, ვინ და როგორ აფინანსებს „ენჯეო“ სექტორს. ეს არის მთავარი. პუნქტობრივი განხილვა, შინაარსში შესვლა და სხვა დანარჩენი საკითხები, ცხადია, პარლამენტში იქნება განხილვების საგანი და ჩვენს აზრს დავაფიქსირებთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.