გოგიტა თოდრაძე: მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი შედარებით მაღალი იყო 2004-2012 წლების პერიოდში

მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი შედარებით მაღალი იყო 2004-2012 წლების პერიოდში, თუმცა, ბოლო პერიოდში იწყება მისი შემცირება,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

„გასული წლების მონაცემებით დაახლოებით 29 000-ით განისაზღვრა მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი. მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი შედარებით მაღალი იყო 2004-2012 წლების პერიოდში. დაახლოებით 30 ათასსაც კი აღწევდა აღნიშნული მაჩვენებელი, თუმცა, ბოლო პერიოდში იწყება მისი შემცირება, პირიქით, 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი დადებითი იყო, ანუ 15-16 000-ის ფარგლებში იყო, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი შემოვიდა ამ დროს“, – აღნიშნა თოდრაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა სადაც აღნიშნა, რომ 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, 2004-12 წლებში კი – 221 ათასი. მისივე თქმით, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს.