“მაინც ვერ გაგვაჩუმებთ!”, “თქვენ თვითონ ხართ უცხოეთის აგენტები” – მედიის ნაწილი პარლამენტში “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებს

“არა რუსულ კანონს” – ჟურნალისტების ნაწილი პარლამენტში, ბიუროს სხდომათა დარბაზთან “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტის დარეგისტრირებას აპროტესტებს.

პროტესტის მონაწილეები შეძახილებითა და პლაკატებით დახვდნენ ბიუროს სხდომაზე შესულ დეპუტატებს.

“მაინც ვერ გაგვაჩუმებთ!”; “თქვენ თვითონ ხართ უცხოეთის აგენტები”; “საქართველოში რუსეთს ვერ დაამყარებთ”; “სოზარ შენც “აგენტი” ხარ?” – ამ შინაარსის პლაკატები მიიტანეს ჟურნალისტებმა დღეს პარლამენტში.

„ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.